
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელას „პრობლემების გადაჭრის" შანსს მისცემს.
როგორც რუბიომ NBC-ს განუცხადა, ვენესუელასგან „მეტ თანამშრომლობას" ელის.
მისივე თქმით, ნიკოლას მადუროსთან აშშ-მა „ვერ შეძლო შეთანხმების დადება", მიუხედავად იმისა, რომ მას „ძალიან გულუხვი შეთავაზებები" მისცა და დასძენს, რომ მადუროს „ვენესუელას დატოვება კვირა-ნახევრის წინ შეეძლო".
„მას ჰქონდა შესაძლებლობები, თავიდან აეცილებინა ეს ყველაფერი",- განაცხადა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ აშშ ვენესუელას „ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას" მისცემს.
ასევე, მას ჰკითხეს, ვინ მართავს ვენესუელას, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ „ვენესუელაში ცვლილებების დანახვას ელის", რომელთაგან „ყველაზე სასწრაფო" ცვლილებები „აშშ-ს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს".
რუბიოს განცხადებით, ვენესუელაში „სამხედრო და პოლიციის ხელმძღვანელი პირები ღიად თანამშრომლობენ ნარკოტიკებით ვაჭრობის ორგანიზაციებთან".
მარკო რუბიოს თქმით, ეს არის საფრთხე აშშ-სთვის, რომლის მოსაგვარებლადაც მისი მთავრობა აპირებს „ყველა ბერკეტის გამოყენებას".
ამასთან, მარკო რუბიოს ჟურნალისტმა ჰკითხა, აშშ ომში იმყოფება თუ არა ვენესუელასთან, რაზეც რუბიომ უპასუხა: „ეს ომი არ არის".
„ვგულისხმობ, რომ ჩვენ ომში ვართ ნარკოტიკებით ვაჭრობის ორგანიზაციების წინააღმდეგ. ეს არ არის ომი ვენესუელას წინააღმდეგ", - განაცხადა რუბიომ.