
UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია სერიოზული სამართლებრივი გამოწვევის წინაშეა. გამოცემა El Mundo-ს ინფორმაციით, სპორტსმენი 7 იანვარს მადრიდში, მოსტოლესის ქალთა მიმართ ძალადობის სპეციალიზებულ სასამართლოში უნდა გამოცხადდეს.
ბრალდებები და დაცვის პროგრამა
დავის ინიციატორი ილიას ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუია, რომელიც მათი წელიწადნახევრის ქალიშვილის დედაა. ჯორჯინამ ოფიციალური საჩივარი შეიტანა, სადაც ჩემპიონს შემდეგ მუხლებში სდებს ბრალს:
ოჯახური და გენდერული ძალადობა;
ფიზიკური დაზიანებების მიყენება;
ოჯახური სასტიკი მოპყრობა.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯინა ამჟამად იმყოფება დაცვის სპეციალურ პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ მის მიმართ გარკვეული საფრთხე დაინახა და უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თოფურიამ განცხადება გაავრცელა.
„გუშინ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ყალბი სათაურით, თითქოს მე ოჯახური ძალადობის საქმეზე დაკითხვაზე ვიყავი დაბარებული. მოგვიანებით ეს სათაური შეიცვალა, რადგან სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მე არასდროს ვყოფილვარ დაბარებული ამ მიზეზით დაკითხვაზე, თუმცა რა თქმა უნდა, მზად ვიქნები, თუ ოდესმე საჭირო გახდება. რეალობა ისაა, რომ სასამართლო სისტემის მუშაობის წესიდან გამომდინარე, ვალდებული ვარ მივიდე სასამართლოში, მაგრამ დაბარება უკავშირდება მხოლოდ ოჯახურ და ადმინისტრაციულ საკითხს - ჩემს ქალიშვილთან დაკავშირებულს, რომელიც ესპანეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება და რომლის ნახვაც თვეების განმავლობაში ვერ შევძელი, მიუხედავად არაერთი მცდელობისა.
მესმის საჯაროობის ფასი, თუმცა ეს არ ამართლებს დაუდასტურებელი ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, ფაქტების დამახინჯებას ან არასრულწლოვანის შესახებ საკითხების გამჟღავნებას. ეს ვითარება წარმოიშვა განქორწინების პროცესში ჩემ მიერ შეტანილი სარჩელის შემდეგ, რომელიც რამდენიმე კვირიან მოლაპარაკებებს მოჰყვა ჩვენი დაშორების შემდეგ. მას შემდეგ, რაც უარი ვთქვი სრულიად არაგონივრულ ფინანსურ მოთხოვნებზე, რამდენიმე კვირის შემდეგ შეტანილ იქნა ძალადობის ბრალდებაზე სარჩელი - რაზეც მანამდე უკვე ვიყავი მუქარით გაფრთხილებული - და რაც ამჟამად სასამართლოს მიერ განიხილება.
მე კვლავ ვენდობი ღმერთს, სამართალსა და ადამიანებს. ვიცი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და რომ მალე შევძლებ დავიბრუნო ჩემი ცხოვრების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამიდან ერთ-ერთი - ჩემი ვაჟის, ჰუგოს გვერდით - ჩემი ქალიშვილი, ჯორჯინა.
მედიისგან მხოლოდ იმას ვითხოვ, რასაც მათი უმეტესობა ყოველთვის იჩენდა ჩემს მიმართ - პატივისცემასა და სიზუსტეს, და რომ დაეყრდნონ ფაქტებს, რადგან სიმართლეს მხოლოდ ერთი გზა აქვს.
ღმერთმა დაგლოცოთ.", - წერს თოფურია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე