
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შესახებ დაწერა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებულია.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით ჩაატარა მასშტაბური ოპერაცია ვენესუელასა და მისი ლიდერის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დაკავებულია და ქვეყნიდან გაყვანილია. ეს ოპერაცია ჩატარდა აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით“, - დაწერა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე დააანონსა პრესკონფერენცია, რომელიც აშშ-ის დროით 11:00 საათზე მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაიმართება.
ცნობისთვის, დილით ადრე კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მომხდარში ვენესუელას მთავრობა აშშ-ს ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ აშშ რამდენიმე თვის განმავლობაში ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლის საბაბით კარიბის ზღვაში გემებს ანადგურებს. გარდა ამისა, წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში აშშ-მა სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფნა გააძლიერა.