
ჩეხეთის პარლამენტის სპიკერმა, ტომიო ოკამურამ თავის საახალწლო მიმართვაში აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება- წერს უკრაინული გამოცემა UNN-ი ჩეხურ გამოცემა, České noviny-ზე დაყრდნობით.
სპიკერის განცხადებით, იარაღი არ უნდა გაიგზავნოს „აბსოლუტურად უაზრო ომის მხარდასაჭერად“.
„ფული ყველა მიმართულებით მიედინება და ამ ბიზნესიდან ყველა იღებს სარგებელს. დასავლური კომპანიები და მთავრობები, ასევე ზელენსკის ხუნტის გარშემო მყოფი უკრაინელი ქურდები, რომლებიც ოქროს ტუალეტებს აშენებენ. დაე, მოიპარონ, ოღონდ არა ჩეხეთის რესპუბლიკიდან. ასეთი ქვეყანა საერთოდ არ არსებობდეს ევროკავშირში“-განაცხადა ოკამურამ.
მან, ასევე, დაამატა, „ჩვენ არ შეგვიძლია ვიყიდოთ იარაღი ჩეხი პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების და ბავშვიანი ოჯახების ფულით და გავაგზავნოთ ისინი სრულიად უაზრო ომში. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი მოქალაქეების ფული უცხოელებს მივცეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ომის მომხრე პროპაგანდა ითხოვს“.
„მე მჯერა, რომ ჩვენი რესპუბლიკა ბრიუსელის მატარებლიდან გადმოხტება, რომელიც, აშშ-ის მთავრობის გაფრთხილებების მიუხედავად, მესამე მსოფლიო ომისკენ მიემართება.“- თქვა ოკამურამ. მისივე თქმით, ეს „მეომრები“, რა თქმა უნდა, იმედოვნებენ, რომ ომის დროს იარაღის წარმოება მათ ეკონომიკას აღადგენს, რომელიც „გრინპისმა“ გაანადგურა. ეს აბსურდული იარაღის წარმოება და გაყიდვა გრძელვადიან პერსპექტივაში საკვებს არ მოგვაწვდის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთ ევროპა გეგმავს მის წარმოებას დაგროვილი ვალის გამოყენებით. „მესმის, რომ დასავლეთისთვის ნორმალურია, დასავლურ იარაღის მწარმოებლებს გადაუხადოს არაეფექტური იარაღისთვის, რომელსაც რუსები ფრონტის ხაზამდე მისვლამდე ანადგურებენ“- განაცხადა სპიკერმა. მანვე თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ყველა არ გაიმეორებს პანდემიის ან ომის საწინააღმდეგო ისტერიას.
ცნობისთვის, ნოემბერში ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ, ტომიო ოკამურამ პალატის შენობიდან უკრაინის დროშის ჩამოხსნის განკარგულება გასცა და განაცხადა- "ჩეხეთის რესპუბლიკა პირველ ადგილზე".
ჩეხეთის სპიკერის განცხადებას ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის ელჩი გამოეხმაურა, რომელმაც ტომიო ოკამურა პრორუსული განცხადებების გამო გააკრიტიკა.
უკრაინის ელჩმა, ვასილ ზვარვიჩმა, მკაცრად გააკრიტიკა ტომიო ოკამურას მიერ ახალი წლის მიმართვაში გაკეთებული განცხადებები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკამურას სიტყვები რუსული პროპაგანდის გავლენით ჩამოყალიბებულ პოზიციაზე მიუთითებს.
„ტომიო ოკამურას მიერ უკრაინისა და უკრაინელების შესახებ საახალწლო მიმართვაში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და სიძულვილით სავსე განცხადებებს მის პირად პოზიციად მივიჩნევთ, რომელიც, ცხადია, რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ ჩამოყალიბდა. სიტყვები, რომლებიც მან გამოიყენა ჩემი თანამოქალაქეების და უკრაინის მიმართ, განსაკუთრებით კი უკრაინის სახელმწიფოს დემოკრატიულად არჩეული ხელმძღვანელობის შესახებ, არის უღირსი და სრულიად მიუღებელი. ისინი ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და იმ ღირებულებებს, რომლებზეც ჩეხეთი ეყრდნობა, როგორც ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი.“