
2025 წლის დასრულებასთან ერთად, ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს აფასებენ, რამდენიმე მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ ფაქტს გამოყოფენ და ყურადღებას შიდა და გარე გამოწვევებზე ამახვილებენ. მათი აზრით, 2025-ში შესაძლოა გარდამტეხი არაფერი მომხდარა, თუმცა საინტერესო პოლიტიკური წელი ნამდვილად იყო.
ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, 2025 წელს ბევრი გამოწვევა იყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმატებით გადალახა.
„2025 წელს რამე ისეთი მოვლენა არ ყოფილა, რასაც 2008-სა და 2012 წლის ვითარებებს შევადარებდით. თუმცა ამ წელს მოვლენების რაღაც წყება ნამდვილად იყო, რაც, ჩემი აზრით, გარკვეულ სურათს გვიქმნის, თუ რა შეიძლება მოხდეს 2026 წელს.
„2025-ში ჩატარდა არჩევნები და ამ საარჩევნო სივრციდან „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ხელისუფლების და ძალაუფლების განმტკიცება, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. „ქართულმა ოცნებამ“ გამოცდას გაუძლო და მიუხედავად შიდა და გარე ზეწოლებისა, ხელისუფლება შეინარჩუნა.
„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელი გამორჩეული იმით იყო, რომ ჩვენ ვიხილეთ სამოქალაქო ტიპის წინააღმდეგობა, რომელმაც აქამდე გამართულ მიტინგებში და წინააღმდეგობაში თავისი ხანგრძლივობით რეკორდი მოხსნა. ოღონდ ისე, რომ ამან მალევე დაკარგა მუხტი და მიმზიდველობა საზოგადოებაში. შესაბამისად, რაიმე ხელშესახები შედეგი ვერ მოიტანა. ამის არაღნიშვნაც არ შეიძლებოდა.
„ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ წელს საქართველოს ხელისუფლებას მკვეთრად დაუპირისპირდა მისი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი - ევროკავშირი. ფაქტობრივად ვხედავთ, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ერთგვარი გაუცხოვების წელი იყო.
„ასევე, 2025, წელს მიუხედავად შიდა და გარე გამოწვევებისა ჩვენმა ეკონომიკამ სტაბილურ დონეზე შენარჩუნება მაინც მოახერხა. თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი ამ წლის შედეგი რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება მოხდა.
- „მიუხედავად იმისა, ვის რა დამოკიდებულება აქვს ამ პოლიტიკის მიმართ, საქართველომ თავისი პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობა შეინარჩუნა, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია.
„შეძლო და თავიდან აიცილა ის რისკები, რაც ელოდებოდა იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გარე ძალების მოთხოვნებს დაყვებოდა და იმ ნაბიჯებს გადადგამდა, რასაც მისგან ითხოვდნენ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან“.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ 2025 წლის გამორჩეული მოვლენა 4 ოქტომბერი იყო.
„რთულია თქმა, თუ რომელი მოვლენა იყო გამორჩეული 2025 წელს. თუმცა, ალბათ, 4 ოქტომბერი, როცა გამოცხადდა ერთის მხრივ არჩევნებში მონაწილეობა და მეორეს მხრივ - ბოიკოტი. ჩემი აზრით, მთლიანად 4 ოქტომბერი შესასწავლია, საიდანაც შესაბამისი დასკვნები გაკეთდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზე არავინ ფიქრობს და ამ კუთხით ნაბიჯებიც არ იდგმევა.
- „ზოგადად, ეს წელი ქართული საზოგადოებისთვის მძიმე იყო, რადგან მთელი წლის განმავლობაში ავტორიტარიზმისკენ სვლა მიდიოდა, რომელიც ჯერჯერობით კიდევ გრძელდება და კაცმა არ იცის რა შედეგს მოგვიტანს.
„4 ოქტომბერს იმიტომ ვახსენებ, რომ ამან პოლიტიკური სპექტრის რეპრესიები გამოიწვია.
„ევროკავშირთან დაკავშირებით „ოცნება“ ამ წელსაც იგივე პოლიტიკას აგრძელებდა, რაც 2024 წელს დაიწყო. ევროკავშირის მხრიდან რეზოლუციები იყო, მაგრამ ამის იქით არაფერი მომხდარა. თუ ამ ფაზას გასცდებიან, ეს იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან“.