
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „ფორტუნასთან“ ინტერვიუში საუბრობს იმ რიტუალებზე, რომლებიც ახალი წლის დადგომამდე უნდა ჩავატაროთ, რათა მომავალ წელს ფინანსური სტაბილურობა, ბარაქა და სიმშვიდე მოვიზიდოთ.
მისი თქმით, ახალი წლის შეხვედრა მთვარის კალენდრის მიხედვით და მომავალი წლის „მასპინძლის“ პატივისცემით არის მნიშვნელოვანი.
მიხეილ ცაგარელის განმარტებით, 17 თებერვლამდე წლის მასპინძელი გველია, ხოლო 17 თებერვლიდან იწყება ცხენის პერიოდი. ამიტომ, სუფრაზე ორივე ფიგურა უნდა გვქონდეს, რათა არც ერთს ვაწყენინოთ. ასტროლოგის თქმით, გველს უყვარს ყველი და რძე, ამიტომ სასურველია მის წინ ყველის პატარა ნაჭერი დავუდოთ. ცხენს კი შაქარი და ვაშლი მოსწონს, ამიტომ თითო ცალი მათ წინ დადება პატივისცემის გამოხატულებაა.
ცაგარელის რჩევით, სუფრაზე აუცილებელია სანთლის გამოყენებაც, რადგან მოდის ცეცხლის სტიქიის - ცხენის წელი.
"სასურველია სანთელი იყოს წითელი ფერის, თუმცა თუ ამის შესაძლებლობა არ არის, შეიძლება ყვითელი ან ოქროსფერი. სანთელი უნდა დაიდოს ცხენისა და გველის ფიგურებს შორის. ამავე სივრცეში მნიშვნელოვანია ნალის გამოყენება, რომელიც ოჯახის დაცვისა და ბარაქის სიმბოლოდ მიიჩნევა“. ამბობს ასტროლოგი.
მიხეილ ცაგარელის თქმით, შესაძლებელია ერთი ან ორი ნალის გამოყენებაც. ერთი ნალი ფინანსური სტაბილურობის მოზიდვას ემსახურება, მეორე კი - სიმშვიდეს. თუ ორივე გვჭირდება, ორი ნალის გამოყენებაც დასაშვებია.
ნალი არ არის აუცილებელი ჩამოკიდებული იყოს, შეიძლება ის ცხენის ფიგურის წინ დავდოთ, რითაც ბარაქის შემოსვლას შევუწყობთ ხელს. ასტროლოგის რეკომენდაციით, სანთელი ახალი წლის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე უნდა ავანთოთ. ამ დროს უნდა მივაგოთ პატივი განვლილ წელს, ხოლო ახალი წლის დადგომის შემდეგ ანთებული სანთელი ჩავაქროთ.
მიხეილ ცაგარელი ასევე საუბრობს სამოსზე:
"სასურველია წითელი ტონები, თუმცა აუცილებელი არ არის, მთელი სამოსი მთლიანად წითელი იყოს. შესაძლებელია ფერის განზავება ლურჯი, მწვანე, ბეჟი ან კრემისფერი დეტალებით. სურვილის შემთხვევაში, შეიძლება სურვილების ჩამოწერა და მათი ხმამაღლა წაკითხვაც“, - აცხადეს ცაგარელი.
რაც შეეხება ფინანსურ რიტუალს, ასტროლოგის განმარტებით, საჭიროა ერთი რკინის ლარიანი მონეტა. ეს არის მომავალი წლის მთავარი რიცხვის სიმბოლო. მონეტა უნდა დავდოთ იმ ადგილზე, სადაც ცხენისა და გველის ფიგურები და ნალი გვიდევს. ამ დროს უნდა ჩავიფიქროთ ფინანსური სურვილები - ხელფასის მომატება, ბონუსები ან სხვა მატერიალური მიზნები. ლარიანი დილამდე ამ სივრცეში უნდა დარჩეს, შემდეგ კი საფულეში ჩავიდოთ და მთელი წლის განმავლობაში ვატაროთ, როგორც ხვავისა და ბარაქის მომზიდველი სიმბოლო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე