რეზონანსი
30.12.2025

 არის თუ არა საჯარო საუბარი დანაშაული? - აინტერესებს ლევან ხაბეიშვილს, რომელიც სახელმწიფო დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირების გამო საკუთარ განაჩენს ელოდება. „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სასამართლოში დღეს მართლმსაჯულების სწრაფად დასრულება მოითხოვა, თუმცა გადაწყდა, რომ პროცესი 22 იანვარს ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვით გაგრძელდება.

პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულმა ძალადობრივმა მოვლენებმა მკაფიოდ აჩვენა, რისკენ მოუწოდებდა დაანონსებული აქციის მონაწილეებს ლევან ხაბეიშვილი. უმრავლესობამ ოპონენტებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებაა.

დამხობისკენ მოწოდებებს რომ აკეთებდა, ამას არც ხაბეიშვილის თანაგუნდელები უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ პოლიტიკოსის პოლიტიკური განცხადებები დანაშაული ვერ იქნება.

ლევან ხაბეიშვილი ე.წ. მშვიდობიან რევოლუციაზე საჯარო მოწოდებებს 4 ოქტომბრამდე აქტიურად აკეთებდა. ის 11 სექტემბერს მურთაზ ზოდელავას თანდასწრებით დააკავეს, რომელსაც დაკავების მომენტში გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და ხელის შეშლისთვის გირაო შეუფარდეს, თუმცა 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ ზოდელავა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლებით დააკავეს. მასთან ერთად პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძეც.

სავარაუდო დამნაშავეთა წრე ფართოვდება. 4 ოქტომბრის საქმეზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს ბაჩო ახალიაც, რომელსაც ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის წაუყენეს.

ლევან ხაბეიშვილი რამდენიმე დღის წინ გრიგოლ ლილუაშვილის საქმესთან კავშირშიც ახსენეს. საუბარია სუს-ის ყოფილი უფროსის მხრიდან ქოლცენტრების მფარველობის ეპიზოდზე. ხაბეიშვილი მედიაში ქოლცენტრების თემითაც აქტიურობდა. პროკურატურა ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ლილუაშვილი თანამზრახველებთან ერთად ცდილობდა, არ გამჟღავნებულიყო თაღლითური ცენტრებიდან ოპოზიციური მედიის დაფინანსება. პოლიტიკოსებმა კი ერთ-ერთ თანამზრახველად სწორედ ლევან ხაბეიშვილი დაასახელეს და თქვეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი არასწორ მისამართებზე ცენტრების მიზანმიმართულად მხილებით ალიბის შექმნას და საკითხიდან ყურადღების გადატანას ცდილობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×