
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის მეორე ლოტის (წიწამური-ავჭალის მონაკვეთის) სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 7.3 კილომეტრიანი, 4-ზოლიანი გზა, რომელიც მოიცავს 3.4 კმ სიგრძის ორ პარალელურ გვირაბს, ასევე ხიდებს, საგზაო კვანძებსა და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს.
„თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის E60-ის მნიშვნელოვანი ნაწილია და განსაკუთრებულ როლს ასრულებს როგორც საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციონირებაში, ისე თბილისის შიდა სატრანსპორტო სისტემის განტვირთვაში.
აღნიშნული მონაკვეთი ერთდროულად შეამცირებს სატრანსპორტო მოძრაობას დედაქალაქის შიგნით და გააუმჯობესებს ქალაქის შიდა ნაკადების რეგულირებას.
თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური - რუსთავი) საერთო ჯამში, დაახლოებით 49 კილომეტრია და ოთხ ლოტად არის დაყოფილი. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სატრანზიტო გადაზიდვების ეფექტიანობას, გაზრდის საგზაო უსაფრთხოებასა და გადაადგილების კომფორტს, შეამცირებს მგზავრობის დროსა და ხარჯებს.
დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარმოდგენა შეუძლიათ 2026 წლის 20 თებერვლის 16:00 საათამდე.
ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ბმულზე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.