რეზონანსი
30.12.2025

 მესამე დღეა მაღალმთიანი აჭარა უხვი ნალექის შედეგებს ებრძვის. თოვლის საფარი მეტრ-ნახევარს აღწევს. დიდთოვლობამ გადაადგილების პრობლემები შექმნა ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში. 70-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. შექმნილია სპეციალური საკოორდინაციო შტაბიც.

სტიქიამ პრობლემები შექმნა ზღვისპირა ქალაქებშიც. ბათუმსა და ქობულეთში შტორმის შედეგად დაზიანდა სანაპირო ინფრასტრუქტურა. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, სახურავები გადახადა როგორც მრავალბინიან კორპუსებს, ასევე რამდენიმე კერძო სახლსაც. სპეციალურმა ტექნიკამ უკვე გაწმინდა სანაპირო ზოლი. გატანილია დაზიანებული კონსტრუქციებიც.

დიდთოვლობაა იმერეთშიც. 12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურები. ცოცხალი ძალა და ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა საუბნო გზებიც. ამ დროისთვის 23 სოფელში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა შესაძლებელი.

მეორე დღეა დიდთოვლობას ებრძვის ზუგდიდიც. უკვე გაწმენდილია როგორც ცენტრალური, ასევე სოფლებამდე მისასვლელი გზებიც. 20-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. სტიქიამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. 20 000-ზე მეტ აბონენტს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება. სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც.

დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა. ამ დროისთვის იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ელექტროენერგია არ მიეწოდება 40 000-მდე აბონენტს.

დასავლეთ საქართველოში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები 24-საათიან რეჟიმში იწმინდება, იყრება ტექნიკური მარილი. სტიქიისგან მიყენებულ ზიანს მოგვიანებით სპეციალური კომისია დაითვლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×