
რუსები ამტკიცებენ, რომ 28 დეკემბერს, პრაქტიკულად აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დასრულებისთანავე, უკრაინელებმა ნოვგოროდში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადეს. რუსი ოფიციალური პირებიც განცხადებით, ამ ინციდენტის გამო გადაიხედება და შეიცვლება რუსეთის პოზიციები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ასევე, საპასუხო დარტყმისთვის ემზადებიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 28-29 დეკემბერის ღამეს კიევმა ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმა 91 უპილოტო საფრენი აპარატით სცადა, როგორც მან აღნიშნა, რუსულმა მხარემ ყველა დრონი გაანადგურა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა თავდასხმა არც მომხდარა.
„იცით, ვინ მითხრა ამის შესახებ? პრეზიდენტმა პუტინმა. მითხრა, რომ მას თავს დაესხნენ. ეს კარგი არ არის. არ დაგავიწყდეთ, მე „ტომაჰავკების" გადაცემა შევაჩერე. ძალიან დელიკატური პერიოდია. ერთი საკითხია შეტევის განხორციელება და მეორეა მის სახლზე თავდასხმა. ამისთვის ახლა დრო არ არის", - განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა მტკიცებულებები, რომ თავდასხმა ნამდვილად განხორციელდა, ტრამპმა უპასუხა, რომ „ამის გარკვევა მოხდება".
- „შესაძლოა თავდასხმა არც მომხდარა. ეს შესაძლებელია. მე პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ მოხდა", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თავად უკრაინა თავდასხმას უარყოფს.
„რუსული მანიპულაციები პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ შეთხზულია მხოლოდ ერთი მიზნით - შექმნა საბაბის და ყალბი გამართლება რუსეთის შემდგომი თავდასხმებისთვის უკრაინის წინააღმდეგ, ასევე სამშვიდობო პროცესისთვის ძირის გამოთხრა და ხელშეშლა", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში.
მინისტრის თქმით, ეს არის რუსული ტაქტიკა: „მეორე მხარის დადანაშაულება იმაში, რასაც თვითონ აკეთებს ან გეგმავს".
„რუსეთმა უკვე დაარტყა უკრაინის მთავრობის შენობას მიმდინარე წელს. უკრაინა ურტყამს მხოლოდ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე, რუსული დარტყმების საპასუხოდ უკრაინაზე. რუსეთი არის აგრესორი, ხოლო უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც იცავს საკუთარ თავს გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად", - აღნიშნავს სიბიგა.
ამ ყველაფერს 29 დეკემბერს სერგელი ლავროვის საკმაოდ კატეგორიული განცხადება მოჰყვა.
- „კიევმა და მისმა დასავლელმა მფარველებმა უნდა აღიარონ ის ახალი ტერიტორიული რეალობები, რომლებიც ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შემდეგ წარმოიშვა", - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის ნეიტრალური, არაალიანსური და არაბირთვული სტატუსის უზრუნველყოფა. ასევე, ლავროვის მტკიცებით, აუცილებელია უკრაინის „დემილიტარიზაცია" და „დენაციფიკაცია"
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთი ხვდება, რომ უკრაინაში სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის არმიას ეკუთვნის.
„ჩვენი ფუნდამენტური პოზიცია უცვლელი რჩება. სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის არმიას ეკუთვნის და დასავლეთი ამას ხვდება. სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა: სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება - სასურველია მოლაპარაკებების გზით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო საშუალებებით", - განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა.
თსუ-ს პროფესორის კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ომის დასრულებას უფრო მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე მოკავშირე.
„იყო თუ არა რეალურად უკრაინელების მხრიდან თავდასხმა, ალბათ არავინ იცის, გარდა თვითონ დაზვერვის სამსახურებისა.
- ფაქტია, ამ სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას და ომის დასრულებას უფრო მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე მოკავშირე.
რუსეთს ომის დასრულება იქამდე არ აწყობს, ვიდრე თავის გაცხადებულ მიზანს არ მიაღწევს, რაც უკრაინის სრულ კაპიტულაციას გულისხმობს. ამ მოლაპარაკების შედეგად კი ეს ვერ მიიღწევა. ბუნებრივია, გამორიცხული არ არის, რომ ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს იყოს - მოლაპარაკება ჩაიშალოს და შემდეგ, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, მათ ხელები თავისუფალი ჰქონდეთ, რომ მერე უკვე კიევში სამთავრობო შენობები დაბომბონ და ამით კიდევ უფრო აწიონ თამასა.
„ძალიან რთულია ახლა იმაზე ლაპარაკი, იყო თუ არა ნამდვილად თავდასხმა და ალბათ, მალე გაირკვევა. თუმცა ამ მოსაზრებებს არსებობის უფლება აქვს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".