
ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით ვითარება მოულოდნელად შეიცვალა და ტარიფი უცვლელად შენარჩუნდა. მორიგი მსჯელობა დენის გადასახადთან დაკავშირებით 3 თვის შემდეგ შედგება, უმცა ნაკლებად სავარაუდოა, თუნდაც 100 დღის შემდეგ ვინმემ ტარიფის გაძვირება იკისროს. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მისი ღირებულება ერთი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება.
ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების გაძვირების შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ამ რამდენიმე დღის წინ, ფაქტობრივად, დაადასტურა. რამდენით მოიმატებდა ტარიფი არ დაუკონკრეტებია, თუმცა მედიასთან ამომწურავად ისაუბრა გარკვეული ფაქტორების გავლენის შესახებ, რამაც გადასახადების კორექტირების აუცილებლობა გამოიწვია.
მას შემდეგ, რაც ზოგადად ფასების მატების შესახებ საზოგადოებაში გარკვეულმა ვნებათარელვამ იჩინა თავი, საკითხს საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და სემეკის მხრიდან მიდგომაც ელვისებურად შეიცვალა. საბოლოოდ გადასახადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც გადაიხედა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სხდომაზე განაცხადა, რომ ტარიფების ცვლილების გადავადებასთან დაკავშირებით სემეკს მიმართა ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიამ, რადგან აღმოჩნდა საკითხები, რომელსაც არ ეთანხმებოდნენ.
„აქედან გამომდინარე, ითხოვენ დროს და ახალი ტარიფების 3 თვით გადაწევას. კომისია ამ წერილს საკმარის საფუძვლად მიიჩნევს, რომ დღეს არსებული ტარიფები უცვლელად დარჩეს და დავადგინოთ დროებითი ტარიფი“, - განაცხადა ნარმანიამ.
ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით შექნილ ვითარებას სფეროს სპეციალისტები ეხმიანებიან და აღნიშნავენ, რომ თუ სემეკი საკითხს გონივრულად მიუდგება, დენის ტარიფები გაზრდის საკითხი დღის წესრიგიდნ მოიხსნება. ხოლო ნაწილი თვლის, რომ სფეროში პრობლემები ნათელია.
ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ტარიფის გაზრდის აუცილებლობა არ არსებობს. სემეკმა ამ ორგანოერბს თავის დროზე აღებული ვალდებულებების შესრულება უნდა მოსთხოვოს და მხოლოდ ამის შემდგომ დასვან ტარიფების გაძვირება-არგაძვირების საკითხი.
,,პრემიერის ჩარევა კარგია, მაგრამ ზოგადად მისი ჩარევის საჭიროება არ უნდა იდგეს. დიდი ხანია ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ დენის ტარიფის გაზრდის აუცილებლობა არ არის. სათანადოდ რომ გადახედოს სემეკმა "თელასისა" და "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ აღებულ ვალდებულებებს, აბსოლუტურად არ არის აუცილებელი ზრდა, პირიქით, შესაძლოა, მოითხოვონ შემცირება.
ეს სამი თვე რას გვაძლევს? თითქოს რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია, გვამზადებენ იმისათვის რომ გაძვირდეს. დღევანდელი მდგომარეობა არ ითხოვს ენერგომატარებლის ტარიფის მათებას.
ახლახან გაცხადებული გაძვირება მეტი მოგების მიზანს ემსახურებოდა. ესენი ტრანსნაციონალური კომპანიები არიან. თუ გაუვათ მატება, ხომ კარგი, თუ არადა დარჩებიან ისე, როგორც არიან. ენერგოკომპანიებს იმხელა ვალდებულებები აქვთ სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი ხელშეკრულებებით, მისი გადახედვა მისცემს საშუალებას მარეგულირებელს, რომ დენის ტარიფების გაზრდაზე არც კი ჰქონდეს საუბარი.
სამწუხაროდ, საკითხის შესწავლის კეთილი ნება არ არსებობს. საქართველოში არის რესურსი იმისათვის, რომ არ გაძვირდეს ელექტროენერგია. ასეულ მილონობით შეუსრულებელ ვალდებულებებზეა საუბარი, კომპანიებმა ჯერ პირნათლად შეასრულონ ვალდებულებები და შემდეგ ისაუბრონ გაძვირებაზე.
სემეკმა უნდა მოითხოვოს ამ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვა. შეასრულონ ის ვალდებულება, რაც ბაზარზე შემოსვლისას აიღეს. ვფიქრობ, ტარიფს რაღაც დოზით მაინც გააძვირებენ. ესენი ტრანსნაციონალური კომპანიები არიან და მათ გასდით ყველაფერი. აუცილებლად გაზრდიან გადასახადებს. მოგების დიდი მარჟაა ჩადებული, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თემურ ჭიჭინაძემ.
საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტ აკაკი ცომაიას. მისი აზრით, ტარიფების გაზრდა გარდაუვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, საქართველოში ენერგოკრიზისი შეიქმნას და მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
,,ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები ჩემთვის უცნობია, თუმცა ცხადია, რომ სფეროში პრობლემებია. ალბათ მოსახლეობას ახსოვს,რომ შარშან ენერგოკომპანიებს დაგროვილი დიდძალი გადასახადები ჩამოწერეს. აღნიშნული პრობლემა ცხადყოფდა, რომ ისინი ვერ იხდიდნენ გადასახადებს. სხვა საკითხია, რამდენას სწორია ვალის პატიება.
უკვე ცხადი გახდა, რომ ენერგოკომპანიები ვერ ახორციელებენ ინვესტიციებს, მათ უჭირთ თვითღირებულების დაფარვა. ხარჯებში არის მაინინგ სექტორი, ანუ კრიპტოვალუტის სექტორი, რომლებიც დიდ ელექტროენერგიას მოიხმარენ, მაგრამ შესაბამის ტარიფს არ იხდიან. მისი ღირებულება გარკვეულწილად გადანაწილებულია მომხმარებელზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი. ამიტომაც, გადაწყდა ტარიფების გაზრდა, თუმცა უკვე სამი თვით გადაავადეს.
რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდს, თუ ეს პოლიტიკა შენარჩუნდა ენერგოსექტორი წამგებიანი გახდება და გამანაწილებელი კომპანიები ვერ შეძლებს იმ დოზით ელექტროენერგიის მიწოდებას, რასაც დღეს აწვდიან. ასეთი სატარიფო პოლიტიკა და მიდგომა კი შევარდნაძის პერიოდს მახსენებს, როდესაც მოსახლეობას მძიმე პირობები ქონდა.
ამიტომაც, თუ გაზრდა გარდაუვალია, სჯობს, ის გაიზარდოს დღესვე და არა ხვალ, ზეგ ან თუნდაც, ერთი წლის შემდეგ, როცა სექტორში სერიოზული პრობლემები შეექმნება", - აღნიშნა ,,ბიზნეს -რეზონანსთან" ცომაიამ და დასძინა, რომ დღეს არსებული სურათი მიუთითებს სექტორში სერიოზული პრობლემებზე და მას სჭირდება თვალის გასწორება. თუ მოსახლეობას ელექტროენერგიას არ გაუძვირებენ, მაშინ მაინინგ სექტორს უნდა გადაახდევინონ შესაბამისი ფასი, რომ ხარჯების დაფარვა უზრუნველყოფილი იყოს. სხვა სემთხვევაში ჩვენ შეიძლება შევიდეთ ისეთ სპირალში სადაც ელექტროენერგიის მიწოდება გახდება პრობლემური.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფებს, აქ სემეკმა შედარებით გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და არსებული ტარიფი 1 წლის ვადით ძალაში დატოვა.