რეზონანსი
29.12.2025

ნებისმიერ კრიმინალურ დანაშაულს აქვს საბოლოო ჯამში ერთი შედეგი, ეს არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

რატი იონათამიშვილის თქმით, არ არსებობს ისეთი კრიმინალური საქმე, რომელსაც შესაბამისი სამსახურები არ გამოიძიებენ და არ მიიყვანენ ბოლომდე.

„ნებისმიერ კრიმინალურ დანაშაულს აქვს საბოლოო ჯამში ერთი შედეგი, ეს არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადების პერიფრაზი რომ მოვახდინო, სახელმწიფოს აქვს ყველა შესაბამისი შესაძლებლობაც, საშუალებაც და ნებაც, რომ ნებისმიერი საქმე გახსნას და ჩავყვეთ ბოლომდე. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ არ არსებობს ისეთი კრიმინალური საქმე, რომელსაც ჩვენი შესაბამისი სამსახურები არ გამოიძიებენ, არ მიიყვანენ ბოლომდე.

ამ კონკრეტულ საქმეს სხვა მნიშვნელობაც აქვს, ნებისმიერი ადამიანი კარგად დაფიქრდეს სანამ განიზრახავს იმას, რომ საქართველოში რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინოს. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სამოხელეო დანაშაული, კორუფციული დანაშაული, დაკვეთილი მკვლელობა თუ ა.შ. ჩვენი სამართალდამცველები ყოველთვის იმოქმედებენ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით, ეფექტურად, მართლაც ნებისმიერ დანაშაულს ჩავყვებით და ნებისმიერი საქმე იქნება გახსნილი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა და ძებნა გამოცხადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×