ნატალია ჯვარიძე
29.12.2025

პრემიერს, ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ევროპა პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ფიქრობს, რომ შანტაჟის ამ ფორმამ ძალა დაკარგა. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა შეზღუდვა ეტაპობრივად აამოქმედოს.

პრემიერის თქმით, საქართველოს არაკეთილმოსურნეები იტოვებენ შანტაჟის ამ ბერკეტს, იმისათვის, რომ მუდმივი დაძაბულობა შეინარჩუნონ ჩვენს ქვეყანაში.

ამასთან, კობახიძის თქმით, "შანტაჟის ამ ინსტრუმენტმა დაკარგა ძალა".

„მე არ ვფიქრობ, რომ აქ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების პოზიციები არის ძლიერი. რეალურად ისინი კარგად ხედავენ, რომ ამ თემის გამოყენებით შეუძლებელია ხელისუფლების ცვლილება გარედან, ხელოვნური ჩარევით. ამით რევოლუციას ვერ მოაწყობენ, მეექვსე მცდელობაც იქნება წარუმატებელი.

თუმცა, ისინი მაინც იტოვებენ შანტაჟის ამ ბერკეტს, იმისათვის, რომ მუდმივი დაძაბულობა შეინარჩუნონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური პროცესი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შანტაჟის ამ ინსტრუმენტმა დაკარგა თავისი ძალა, ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ პოზიციაზე დარჩება და ისინი არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართველ ხალხს", - განაცხადა პრემიერმა

ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცესი ორ ეტაპად დაიყოფა.

  • „მე მგონია, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება პირველ ეტაპზე „ქართული ოცნების" წევრებისა და მათთან დაახლოებული პირების მიმართ ამოქმედდება. გამორიცხული არ არის მეორე ეტაპზე უკვე საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხოს.

ყოველ შემთხვევაში, იქ დაახლოებით 2-ათას კაციანი სიაა. გამორიცხული არ არის მეორე ეტაპზე უკვე საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხოს. იმედია ასე არ მოხდება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვრნეტაძეც არ გამორიცხავს, რომ შეზეუდვა ხელისუფლების წარმომადგენლებზე გავრცელდეს.

  • „მე უფრო რეალურად მიმაჩნია ის, რომ უვიზო რეჟიმი „ქართული ოცნების" წევრებზე შეაჩერონ.

რადგან მათგან ეს მოსალოდნელია. თუმცა, ისინი ისტორიის საათებს ითვლიან, უკრაინის ომი დასრულდება და დღევანდელი ევრობიუროკრატიაც მორჩება. რას აკეთებენ, თავადაც არ იციან.

იყო ასეთი ფეხბურთელი - ლევ იაშინი, მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, რომელსაც ჰკითხეს, თუ რომელი ფეხბურთელის ეშინოდა ყველაზე მეტად, ერთ-ერთი ქართველი გარდაცვლილი ფეხბურთელი დაასახელა, რადგან, რომ ურტყამს, თვითონაც არ იცის სად ურტყამს და მე საიდან გავიგოო. ასეთივე პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს ევრობიუროკრატიაზე. ყოვლად უწიგნური ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული და ესენი რას იზამენ, ალბათ თვითონაც არ იციან",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×