მარიამ ვეკუა
29.12.2025

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მარ-ა-ლაგოში გამართული შეხვედრას მხარეები ომის დასრულების პროცესში ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპად აფასებენ - უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მათ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე დაახლოებით 90%-იანი შეთანხმება მიღწეულია, აშშ-ს პრეზიდენტი კი უკრაინაში ჩასვლისთვისაც მზადაა, თუმცა, ტერიტორიული საკითხები კვლავ ყველაზე რთულ ბარიერად რჩება.

კვირას, მარ-ა-ლაგოში, აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა ოპტიმიზმი გამოხატა და ჟურნალისტებს განუცხადა, ომის დასრულების შესახებ მხარეებს „ შეთანხმების მიღწევის საფუძვლები აქვთ."

შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ და ტრამპმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ უკრაინის ლიდერის მიერ მხარდაჭერილ 20-პუნქტიან სამშვიდობო წინადადებაზე პროგრესი მიღწეულია, თუმცა ორივემ აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასასრულებლად მეტი მუშაობაა საჭირო.

„ჩვენი შეხვედრა შესანიშნავი იყო, ჩვენ განვიხილეთ - ვიღაც იტყოდა 95 პროცენტი, არ ვიცი რამდენი პროცენტი - მაგრამ ჩვენ დიდი პროგრესდ მივაღწიეთ ამ ომის დასრულების საკითხებში", - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

90% შეთანხმებულია

შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ტრამპი, ზელენსკი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის ელჩი აშშ-ში ოლჰა სტეფანიშინა მონაწილეობდნენ, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ მომლაპარაკებლები უკრაინის 20 პუნქტიანი სამშვიდობო ჩარჩოს „90 პროცენტზე" შეთანხმდნენ.

„ჩვენ განვიხილეთ სამშვიდობო ჩარჩოს ყველა ასპექტი... 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა 90 პროცენტით არის შეთანხმებული", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ წინადადება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გასულ თვეს წარდგენილი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის საპასუხოდ შეიმუშავა.

 

  • ზელენსკი: „ჩვენ განვიხილეთ სამშვიდობო ჩარჩოს ყველა ასპექტი... 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა 90 პროცენტით არის შეთანხმებულ

გეგმის თანახმად, უკრაინა აშშ-სა და ევროპისგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს და მომავალში, ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებს. უკრაინამ ასევე უნდა შეინარჩუნოს თავის შეიარაღებულ ძალები- ამჟამინდელი 800 000 კაციანი შემადგენლობით. გარდა ამისა. დონეცკში, ამჟამინდელ საბრძოლო ხაზებზე , საბრძოლო მოქმედებები შეწყდება .

ზელენსკის გეგმა, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის აღსადგენად ომის შემდეგ, 800 მილიარდი დოლარის დახმარების მიღებას ითვალისწინებს.

უკრაინის ლიდერმა კვირას ისიც აღნიშნა,, რომ აშშ-ის მხარე „100 პროცენტით" ეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოს იმ ნაწილებს, ხოლო აშშ, უკრაინა და ევროპული ქვეყნები ერთობლივ გარანტიებზე „თითქმის" შეთანხმდნენ.

 

მიწა- მშვიდობის მთავარი დაბრკოლება

როდესაც პრესკონფერენციაზე რეპორტიორმა აშშ-ს პრეზიდენტს „ჯერ კიდევ გადაუჭრელი, ყველაზე რთული საკითხების" შესახებ ჰკითხა, ტრამპმა უპასუხა, რომ ტერიტორიები მნიშვნელოვან ბარიერად რჩება.

„ვფიქრობ, რომ მიწა - რომელზეც თქვენ საუბრობთ - ამ მიწის ნაწილი აღებულია. ამ მიწის ნაწილი შესაძლოა დასაკავებლად იყოს, მაგრამ შესაძლოა, ის რამდენიმე თვის განმავლობაში აღებული იყოს - და უმჯობესია, შეთანხმება ახლავე დადოთ", - თქვა ტრამპმა.

 

  • ტრამპი: „ამ მიწის ნაწილი აღებულია. ამ მიწის ნაწილი შესაძლოა დასაკავებლად იყოს, მაგრამ შესაძლოა, ის რამდენიმე თვის განმავლობაში აღებული იყოს - და უმჯობესია, შეთანხმება ახლავე დადოთ"

შეგახსენებთ, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ბრძოლას გააგრძელებს მანამ, სანამ უკრაინა არ გაიყვანს თავის ჯარებს რუსეთის მიერ თითქმის ოთხი წლის წინ ანექსირებული ყველა უკრაინული რეგიონიდან, იტყობინება Associated Press.

„ჩვენ პატივს ვცემთ იმ ტერიტორიას, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. და რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულება ძალიან ნათელია", - განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრის დროს.

 

მომავალი მოლაპარაკებები

კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირებში ყველა განხილული საკითხის დასასრულებლად შეხვდებიან, „ ჩვენ შევთანხმდით პრეზიდენტ ტრამპთან, რომ ის გვიმასპინლებს , შესაძლოა ვაშინგტონში -ჩვენ, ევროპელ ლიდერებს და უკრაინის დელეგაციას, დიახ, იანვარში".

ტრამპმა ასევე თქვა, რომ სამშვიდობო პროცესი „ერთდღიანი საკითხი არ არის", მან ასევე არ გამორიცხა უკრაინაში ვიზიტიც.

„მინდა, რომ შეთანხმება მიღწეული იყოს და არ იყოს აუცილებელი წასვლა. მე შევთავაზე წასვლა, მათ პარლამენტში საუბარი და - იცით - თუ ეს დაეხმარება".

ზელენსკიმ მოგვიანებით დასძინა, რომ ტრამპის ეს განცხადება მისასალმებელია.

„მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის."- თქვა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე კვირას, შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×