მარიამ ვეკუა
29.12.2025

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ახალ ეტაპზე გადავიდა - ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ, ოპოზიცია პროცესს კლანურ დაპირისპირებად აფასებს, ხოლო ხელისუფლება აცხადებს, რომ საქმე სრულად გახსნილია.

ფარცხალაძეს პროკურატურის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალად ედება ის, რომ "ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება" და მისი მიმართ ძებნა გამოცხადდება.

როგორც შინაგან საქმეთ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ „დროთა განმავლობაში დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს და ამ დაჯგუფების ლიდერებს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დიდი ხნის დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დააორგანიზეს.

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი - ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

ჯანგველაძეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ" ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე სასამართლოს ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და მის მიმართ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა",- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

შეგახსენებთ, შს ინფორმაციაზე დაყრდნობით, გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანმხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა. მის მიმართ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეზე ასევე დაკავებულები არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ხოლო დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია მათი ყოფილი მეგობარი, სანდრო წივწივაძე, რომლის სახელზეც იყო წარსულში რეგისტრირებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი. მითითებული ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

რატომ არ გამოაცხადეს ძებნა აქამდე ფარცხალაძეზე?

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ის, რაც ხდება, სხვა არაფერია თუ არა კლანური დაპირისპირება.

„ფარცხალაძე „ქართულ ოცნებაში" მაღალ თანამდებობას იკავებდა, ამის შემდეგ იყო „ქართული ოცნების" ხაზინადარიც და უდიდესი გავლენის მქონე პირიც, რომელიც აშშ-ს მთავრობამ რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლად დაასახელა და დაასანქცირა და გვახსოვს, როგორ იცავდა მთელი სისტემა და „ქართული ოცნება" მას კბილებით. (...) „ქართული ოცნება" შინაარსობრივად და ფუნდამენტურად არის დაკავშირებული კრიმინალურ ჯგუფებთან და ფულის შავად შოვნასთან.

აქედან გამომდინარე, ის რაც ხდება, არის ერთი კლანის დაპირისპირება, მეორე კლანთან."- განაცხადა, თავისუფლების მოედნის" გენერალური მდივანმა ბაკურ კვაშილავამ.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა,

"ივანიშვილი არის კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანი.

მისი ბანდიტური მმართველობის სტილი არის კრიმინალური. მან საქართველოში კანონიერი ქურდების ფართომასშტაბიანი ინფილტრაცია დააბრუნა.რატომ არ გამოაცხადეს ძებნა აქამდე ფარცხალაძე?

მის წინააღმდეგ მხოლოდ კანონიერი ქურდების მოთხოვნით აღიძრა საქმე. ამას ვამბობდი ზუსტად", - წერს ხატია დეკანოიძე.

„ყველა ბრალდებული დაკავებული უნდა იყოს"

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ყველა ბრალდებული დაკავებული უნდა იყოს. პარლამენეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ფარცხალაძის დაკავებას მისი მოქალაქეობის საკითი უშლის ხელს, ვინაიდან, ბრალდებულს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს.

„საბოლოოდ, გამოძიებამ სრული სურათი გაშიფრა. ვნახეთ, ვინ იყო ორგანიზატორი, შემსრულებელი, რა იყო მოტივი. მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს. ახლა მნიშვნელოვანია, ყველა პირი, ვინც ბრალდებულია, დაკავებული იყოს. რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ადგილას იმალება. ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში. რამდენადაც ვიცით, ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს. მნიშვნელოვანია ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი",-აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ფარცხალაძე ახლა დანაშაულში მხილებულია და ეს ოპოზიციას არ აწყობს, რადგან მათ უნდა ისაუბრონ, რომ „ხელისუფლება ხელს აფარებდა ფარცხალაძეს" და „იგი ხიდია პუტინსა და ბიძინა ივანიშვილს შორის".

„ოთარ ფარცხალაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდა და შემდეგ აღარ იკავებდა. აქედან გამომდინარე ხომ უნდა დავასკვნათ, რომ დადგა პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ფარცხალაძეს აღარ უნდა ემუშავა იმ ადგილას, სადაც მუშაობდა.

 

  • გია ვოლსკი: „დანაშაულში მხილებულია და ეს ჩვენს ოპონენტებს არ აწყობთ, რადგან მათ უნდა ისაუბრონ, რომ ხელისუფლება ხელს აფარებდა, იგი ხიდია პუტინსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ა.შ."

არაფერ შუაში არიან ოპოზიციის წარმომადგენლები თუ ჩვენი კრიტიკოსები. საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები და ამის პარალელური სამყარო შეიქმნეს ჩვენმა ოპონენტებმა - თვითონ აკეთებენ დასკვნებს, თვითონ ხსნიან, ნიშნავენ და ა.შ. თუ რაღაც პოზიციასთან დაკავშირებით დაემთხვა მოსაზრებები და პროცესები მათ ნათქვამს, მიაჩნიათ, რომ ყველაფერი მათი ნათქვამიდან გამომდინარეობს და ასე არ არის.

მსოფლიოში, რეგიონსა და სახელმწიფოში სხვა რეალობაა. დანაშაულში მხილებულია და რასაკვირველია, ეს ჩვენს ოპონენტებს არ აწყობთ, რადგან მათ უნდა ისაუბრონ, რომ ხელისუფლება ხელს აფარებდა, იგი ხიდია პუტინსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ა.შ. მათი არგუმენტები ერთი შეხედვით ნულდება."-განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×