
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დასრულების „სამშვიდობო გეგმის“ დოკუმენტებში ამჟამად უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაცემა 15 წლის ვადით, შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით განიხილება.
ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ვადა საკმარისი არ არის.
„ეს საკითხი პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისას წამოვწიე. ვუთხარი, რომ ჩვენთან ომია და ის უკვე თითქმის 15 წელია გრძელდება. ამიტომ გარანტიები გაცილებით ხანგრძლივი უნდა იყოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინას 50 წლამდე ვადით სურს გარანტიების მიღება.
„პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ გვსურს განვიხილოთ 30, 40 ან 50 წლით გარანტიების მიღება. მაშინ ეს პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული გადაწყვეტილება იქნება. პრეზიდენტმა თქვა, რომ იფიქრებს ამაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ფლორიდაში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დელეგაციებთან ერთად 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა ევროპელ ლიდერებთან ვიდეოკონფერენცია გამართეს. ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მხარეებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს. ასევე ცნობილია, რომ შეხვედრამდე ტრამპი ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.