
2026 წლის პირველი იანვრიდან დენის ტარიფი არ გაიზრდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფების სამი თვით შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, კომისია დღევანდელ სხდომაზე დროებით ტარიფებს დაადგენს, რაც მომდევნო სამი თვის განმავლობაში არსებული ტარიფების უცვლელად დატოვებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში გაკეთებული განცხადების თანახმად, სემეკი ელექტროენერგიის მიმართულებით სატარიფო ზრდას მოელოდა, რაც გამანაწილებელი კომპანიების ინვესტიციებით იყო განპირობებული, თუმცა ირაკლი კობახიძემ ელექტროენერგიის არსებული ტარიფის შენარჩუნების იმედი გამოთქვა.
თუმცა დღეს დავით ნარმანიას განცხადებით, არსებული ტარიფების 3 თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა - კომპანიების თხოვნა: ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა კომისიას პროცესის სამი თვით გადავადების თხოვნით წერილობით მიმართეს; დაუზუსტებელი ბალანსები: ამ ეტაპზე ბოლომდე დაზუსტებული არ არის ელექტროენერგიის ბალანსები და მომდევნო წლის მოსალოდნელი გენერაციის მაჩვენებლები; კონსულტაციები მთავრობასთან: გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინტენსიური კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ნარმანიას თქმით, ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან გენერაციის პროგნოზები და ჰიდროსადგურების დერეგულირება მთავრობის პრეროგატივაა.
"ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა გამანაწილებელ კომპანიებთან თემების დაზუსტებაზე გარდა ამისა გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს წერილობით თხოვნა ამ პროცესის 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები ის თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს, აქედან გამომდინარე კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ, დავადგინოთ დროებითი ტარიფები, რაც იმას ნიშნავს რომ დავადგინოთ 3 თვით ტარიფები შევინარჩუნოთ ელექტროენერგეტიკის სექტორში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც ნარმანიამ განაცხადა, დღეს არ არსებობს ის ფაქტორები, რომლითაც ტარიფების ზრდა იყო შესაძლებელი.
„ვთქვი, რომ შესაძლოა გაიზარდოს და დავასახელე სხვადასხვა ფაქტორები, რა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი ტარიფების ზრდა. დღეს ეს ფაქტორები არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, ხდება არსებული ტარიფის შენარჩუნება. რაც შეეხება კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან, ბუნებრივია, ეს გვქონდა, რადგან მთავრობის პრეროგატივაა მთელი რიგი საკითხები ელექტროენერგეტიკის სექტორში. მათ შორის ეს არის ბალანსებთან დაკავშირებული საკითხები, გენერაციების პროგნოზირება, ჰიდროსადგურების დარეგულირებასთან დაკავშირებული თემები, რაზეც კომისიის გადაწყვეტილებები არის დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, ეს ბუნებრივი პროცესია“,- განაცხადა ნარმანიამ.