რეზონანსი
29.12.2025

დადასტურდა, რომ [ჯანგველაძის] მკვლელობა ნამდვილად შეკვეთილი იყო და მკვლელობას ჰყავდა ორგანიზატორი, პირი, რომელსაც ჰქონდა სერიოზული უთანხმოება და დაპირისპირება ლევან ჯანგველაძესთან,- ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა ფაქტი, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინება.

ადვოკატის თქმით, გამოძიების პერიოდში, ფარცხალაძეს გამოსაკითხად „არც კი იბარებდნენ“.

მისივე შეფასებით, რამდენიმე თვის განმავლობაში „მიმდინარეობდა არა გამოძიება, არამედ საქმის ჩაფარცხვა“.

„პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ ნამდვილად ჩატარდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის, ჩატარდა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც აქამდე რატომღაც არ ატარებდნენ. არაერთხელ მითქვამს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა არა გამოძიება, არამედ საქმის ჩაფარცხვა. ვამბობდით, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. მკვლელობას ჰყავდა ორგანიზატორი, შემსრულებლები და არაერთი პირი იყო ჩართული აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში. ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ნამდვილად, ეს მკვლელობა იყო შეკვეთილი და მკვლელობას ჰყავდა ორგანიზატორი, პირი, რომელსაც ჰქონდა სერიოზული უთანხმოება და დაპირისპირება ლევან ჯანგველაძესთან.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, აქამდე არაერთხელ გაგვიკრიტიკებია, პირადად მე, გამიკრიტიკებია პროკურატურა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არც კი იბარებდნენ გამოსაკითხად. მისი გამოკითხვის ოქმიც კი არ იდო მთელი ამ დროის განმავლობაში საქმეში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება მიუთითებდა მის სავარაუდო მონაწილეობაზე ამ დანაშაულში.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ნამდვილად დადასტურდა ის ეჭვები და ვარაუდები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ისინი გამართლებულია და ჩვენ სწორ ინფორმაციას ვაწვდიდით საზოგადოებას მთელი ამ დროის განმავლობაში.

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აღნიშნული ბრიფინგი [შსს-ში]. ოჯახთან ჯერჯერობით კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი ყველა განცხადება, რა თქმა უნდა, შეთანხმებულია იმ პირთან, რომლის ინტერესებსაც მე წარმოვადგენ.

ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანი იმყოფება რუსეთში, რაც, რა თქმა უნდა, ართულებს მის დაკავებას, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე არაფერს გამოვრიცხავ“,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ცნობისთვის, შსს-ის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.

აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.

მისი თქმით, ფარცხალაძეს პროკურატურის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალად ედება ის, რომ „|ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება“ და მისი მიმართ ძებნა გამოცხადდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×