
"დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ზარის ინიციატორის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი მაღალი არტერიული წნევის ფონზე გულმკერდის ტკივილს და მარცხენა ხელში ირადიაციას უჩიოდა.
ადგილზე მისულ თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის 1705 ბრიგადას პაციენტი კონტაქტურ მდგომარეობაში დახვდა. ჩატარებული ელექტროკარდიოგრაფიული კვლევისას პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლენილა. აღინიშნებოდა მხოლოდ ოდნავი სიფერმკრთალე და გულმკერდის ტკივილი, რომელიც ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ მალევე მოეხსნა.
ბრიგადის ექიმის ლალი ჭურაძის გადმოცემით, კლინიკასთან შეთანხმების პროცესში, ჰოსპიტალიზაციის დაწყებამდე, პაციენტმა მოულოდნელად დაკარგა გონება, აღარ აღენიშნებოდა პულსი. ბრიგადის წევრების მიერ დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. მონიტორზე დაფიქსირდა ფიბრილაცია.
ბრიგადის მედიკოსების სწრაფი და კოორდინირებული მოქმედებების შედეგად წამებში მოხდა სასუნთქი გზების მართვის უზრუნველყოფა და პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება, რის შედეგადაც პაციენტის გულისცემა აღსდგა.
სიცოცხლისთვის ბრძოლის პარალელურად, ბრიგადის წევრებს სასწრაფო დახმარების ავტომობილის გარშემო შეკრებილი, პანიკაში მყოფი მოქალაქეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაც უწევდათ.
პაციენტი მალევე მოვიდა გონს, გახდა კონტაქტური და შემდგომი მკურნალობის მიზნით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა გადაყვანილი.
#გვეამაყება
ექიმი ლალი ჭურაძე
უმცროსი ექიმი ლიდია ქაჯაია
მძღოლი ოთარ ქურთაული
#შენისიცოცხლისგადასარჩენად" |-წერს სოციალურ ქსელში გვერდი შენი სიცოცხლის გადასარჩენად