რეზონანსი
29.12.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის გახსნის ფაქტი შეაფასა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.

„მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ძალიან დეტალურად იმუშავეს, რთული საგამოძიებო პროცესი იყო მთლიანად. ვხედავდით, რომ სხვადასხვა ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის დადასტურდა, რომ ამ მკვლელობის ორგანიზატორი ქვეყნის გარეთ არის. ხდებოდა ხელის დაფარება ერთმანეთის მიმართ. ვხედავდით, რომ აღმსრულებლები ვინც იყვნენ დაკავებულები, არ იძლეოდნენ ჩვენებებს. 

საბოლოოდ, გამოძიებამ სრული სურათი გაშიფრა. ვნახეთ, ვინ იყო ორგანიზატორი, შემსრულებელი, რა იყო მოტივი. მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს. ახლა მნიშვნელოვანია, ყველა პირი, ვინც ბრალდებულია, დაკავებული იყოს. რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ადგილას იმალება. ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში. რამდენადაც ვიცით, ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს, რუსეთის მოქალაქეობა აქვს, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს. მნიშვნელოვანია ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შსს-ს საგანგებო ბრინიგზე გაირკვა, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×