
პარტია ხალხის ძალის წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას და წერს, რომ Coca Cola-ს მსგავსი საერთაშორისო "ფრენჩაიზებისთვის" პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ფუნდამენტური პრინციპია. „ხალხის ძალის" წევრის სიტყვებით, ამ პრინციპის დარღვევა წარმოშობს სერიოზულ რეპუტაციულ და იურიდიულ რისკებს.
„თუ ოპოზიციური ტელეარხების მრავალწლიანი დაფინანსების ფაქტი დასტურდება მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენებით, ეს უნდა შეფასდეს როგორც "პოლიტიკურ გავლენაში ჩადებული ინვესტიცია", და არა როგორც "მეცენატობა" ან "სიტყვის თავისუფლების დაცვა" - წერს დავით ქართველიშვილი.
ის ხაზს უსვამს, რომ დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკაც. დავით ქართველიშვილი წერს, რომ მედიასაშუალებების მხრიდან ბიზნესისგან სისტემატური დაფინანსების მიღება და ამის დაფარვა, გამორიცხავს კონკრეტული მედიის დამოუკიდებლობას.
"ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება იმის შესახებ, რომ კერძო მეწარმე თემურ ჭყონია, საქართველოში Coca-Cola-ს ბიზნესის მფლობელი, მრავალი წლის განმავლობაში აფინანსებს ოპოზიციურ მედიასაშუალებებსა და სატელევიზიო არხებს - სცდება რიგითი პოლიტიკური სკანდალის ჩარჩოებს. საქმე გვაქვს არა „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერასთან" და არა „სამოქალაქო პოზიციის" გამოხატვასთან, არამედ დიდი ბიზნესის სისტემურ და ფარულ ჩარევასთან პოლიტიკურ პროცესში: იმ მედიის მეშვეობით, რომელიც ამავდროულად საკუთარ თავს „დამოუკიდებლად" წარმოაჩენს.
საზოგადოებრივი მორალის თვალსაზრისით, მსგავსი ქცევა ჯდება პოლიტიკურად ანგაჟირებული კორპორაციული მოქმედების ჩარჩოებში. კერძო ბიზნესი, რომელიც მასობრივ "აპოლიტიკურ" ბაზარზე მუშაობს და მოგებას იღებს მთელი საზოგადოებისგან, ფაქტობრივად პოლიტიკური ბრძოლის მონაწილედ იქცევა, საჯარო პასუხისმგებლობის აღებისა და გამჭვირვალე პოზიციის დეკლარირების გარეშე. ჟურნალისტური ეთიკის კუთხით, სურათი კიდევ უფრო მძიმეა. თუ მედიასაშუალებები სისტემურ დაფინანსებას იღებენ კონკრეტული ბიზნესმენისგან, რასაც ის ფართო აუდიტორიის წინაშე არ აფიშირებს, საქმე გვაქვს ფარულ პოლიტიკურ სპონსორობასთან და აშკარა ინტერესთა კონფლიქტთან. ასეთ პირობებში, მედია დამოუკიდებელი ვერანაირად ვერ იქნება - სლოგანებისა და ფორმალური რედაქციული დეკორაციების მოუხედავად.
საერთაშორისო პრაქტიკაში (IFJ-ის რეკომენდაციებიდან OSCE-ს სტანდარტებამდე), ეს გამჭვირვალობის პრინციპის უხეშ დარღვევად მიიჩნევა.
მართალია, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის და არც გარე ჩარევა - თუმცა სამართლებრივ კლასიფიკაციაში ეს ქმედება მკაფიოდ ჯდება ცნებაში: "პოლიტიკის ირიბი დაფინანსება მედიის მეშვეობით". მაგრამ ესეც "ჯანდაბას", რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: განვითარებულ სამართლებრივ სისტემებში, ასეთი სქემები სავალდებულო (!) დეკლარირებას ექვემდებარება, შესაბამისი რეგულაციების კონტროლის ქვეშაა და განსაკუთრებული საზოგადოებრივი ყურადღების საგანს წარმოადგენს.
ცალკე განხილვის თემაა თვით Coca-Cola-ს ბრენდის ფაქტორი. საუბარია არა უბრალოდ კერძო ბიზნესზე, არამედ გლობალური კორპორაციის ადგილობრივი "ფილიალის" მფლობელზე - თემურ ჭყონიაზე და Coca-Cola Bottlers Georgia-ზე. საერთაშორისო "ფრენჩაიზებისთვის" პოლიტიკური ნეიტრალიტეტი რეკომენდაცია კი არა - ფუნდამენტური პრინციპია. ეკონომიკური ძალის გამოყენება (პირდაპირ თუ ირიბად) ერთი რომელიმე პოლიტიკური მხარის მხარდასაჭერად - ქმნის სერიოზულ რეპუტაციულ და იურიდიულ რისკებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში ხშირად კონტრაქტების გაწყვეტითა და სათაო ოფისების სანქციებით სრულდება.
მთავარი კითხვა აქ პიროვნულ სიმპათიებსა თუ ანტიპათიებს კი არ ეხება, საქმე სხვა რამეშია: აქვს თუ არა უფლება კერძო კაპიტალს, ნეიტრალური კომერციული სტატუსის საფარქვეშ, მედიის საშუალებით ქვეყნის პოლიტიკური რეალობა ჩამოაყალიბოს, საკუთარი თავის დასახელებისა და პირდაპირი პასუხისმგებლობის აღების გარეშე? მკაცრი დასკვნა თავისთავად იკვეთება: თუ ოპოზიციური ტელეარხების მრავალწლიანი დაფინანსების ფაქტი დასტურდება მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენებით, ეს უნდა შეფასდეს როგორც "პოლიტიკურ გავლენაში ჩადებული ინვესტიცია", და არა როგორც "მეცენატობა" ან "სიტყვის თავისუფლების დაცვა" - ნებისმიერ სუვერენულ და ჩამოყალიბებულ სახელმწიფოში მსგავსი სქემები ან გამოდის ჩრდილიდან და მკაცრად რეგულირდება. ასე რომ, საზოგადოების სახელით მე მინდა ნანუკა ჟორჟოლიანს ამ მნიშვნელოვანი გამამტყუნებელი და აღიარებითი ჩვენებისთვის და "მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისთვის" - დიდი მადლობა გადავუხადო." - წერს დავით ქართველიშვილი.