
საქართველოს ხელისუფლება „ბი-ბი-სის" საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით სარჩელზე მუშაობას აგრძელებს. ამის პარალელურად კი ბრიტანულმა ტელეკომპანიამ ფილმი რუსულად თარგმნა და ინტრენეტში განათავსა. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებით „ბი-ბი-სის" მიდგომას აჩვენებს. ხოლო რატომ ჭიანურდება „ოცნების" მხრიდან სარჩელის მომზადება და ზოგადად, რა პერსპექტივა აქვს ამ სარჩელს, ამაზე ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 16 დეკემბერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" „ბიბისის" წინააღმდეგ საჩივრის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, ბრიტანულ იურიდიულ დახმარებასაც გამოიყენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იურისტები ამ სარჩელის მოსამზადებლად უკვე მუშაობენ.
„დასტურდება უკვე ამ გარემოებით და მათ შორის ტრამპის საქმეც ზუსტად ამის დასტურია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა „ბი-ბი-სი". იურისტები მუშაობენ, ვამზადებთ ამ სარჩელს. რა თქმა უნდა, მიმართვას სჭირდება მომზადება, მათ შორის, სავარაუდოდ, ადგილობრივ, ბრიტანეთის იურიდიული დახმარების გამოყენებაც იქნება, ვინაიდან წარმომადგენლობაც მნიშვნელოვანია. სამართლებრივად ვმუშაობთ ამ მიმართულებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილის აზრით, საგამოძიებო მასალის რუსულ ენაზე თარგმნა არაფერს ნიშნავს, ხოლო „ქართული ოცნების" სარჩელს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რადგან საგამოძიებო ფილმში მხოლოდ ვარაუდები იყო გამოთქმული.
„არ მგონია „ბი-ბი-სი" „ქართულ ოცნებას" რამეში ეჯიბრებოდეს. მას რუსული რედაქციაც აქვს და ამ ენაზეც ავრცელებს. მეეჭვება ეს „ოცნების" ამჟამინდელ ქმედებასთან იყოს დაკავშირებული. ხელისუფლებას საერთოდ რომ ხმა არ ამოეღო, რუსულად მაინც თარგმნიდნენ.
„ოცნებამ" „ბი-ბი-სის" წინააღმდეგ გასაჩივრება იმიტომ გაწელა, რომ აბსოლუტურად გაუგებარია რისთვის უნდა უჩივლონ. იქ საუბარი რაზეც იყო, პრაქტიკულად ამათმაც დაადასტურეს - რომ წყალში გაზი იყო გარეული. ცრემლსადენი გაზი იყო თუ რამე სხვა, „ბი-ბი-სის" მტკიცებით ფორმაში არ უთქვამს, ვარაუდი გამოთქვა, რისი უფლებაც ჰქონდათ. რა იყო რეალურად გარეული, რთული სათქმელია, ალბათ დამოუკიდებელი გამოძიება გაარკვევს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ თავიდან „ქართული ოცნება" უარყოფდა და ამბობდა, საერთოდ არაფერი იყო გარეულიო.
- მე არ მესმის, რაზე უნდა უჩივლონ. თუკი ასე მოიქცევიან, ჩემი აზრით, წააგებენ, ვინაიდან ვარაუდების გამოთქმის გამო „ბი-ბი-სის" არავინ გაამტყუნებს", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან"
„ვფიქრობ, რაკი „ბი-ბი-სიმ" მასალა რუსულ ენაზე თარგმნა, მისი მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეცნოს ამ ინფორმაციას, ვინაიდან საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ინგლისურ ენას არ ფლობს.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, „ბი-ბი-სის" მიერ მასალის რუსულ ენაზე თარგმნა აჩენს ეჭვს, რომ ამით საქართველოში საპროტესტო მუხტის გაძლიერებას ცდილობენ.
- „ვფიქრობ, რაკი „ბი-ბი-სიმ" მასალა რუსულ ენაზე თარგმნა, მისი მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეცნოს ამ ინფორმაციას, ვინაიდან საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ინგლისურ ენას არ ფლობს.
ეს აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა გამოყენებული იქნას ქვეყანაში საპროტესტო მუხტის ასაგორებლად.
„არ მგონია „ქართული ოცნების" მხრიდან სარჩელის მომზადების გაჭიანურებასთან გვქონდეს საქმე. „ბი-ბი-სი" სერიოზული მედიაკორპორაციაა და ისეთი სარჩელის მომზადებას, რომელსაც მნიშვნელოვანი შედეგი უნდა ჰქონდეს, ხანგრძლივი დრო და შესაბამისი მომზადება სჭირდება. იქ კვალიფიციური იურისტები უნდა ჩაერთონ, რათა საქმის მოგების შანსი უფრო მეტი იყოს. ასეთი ტიპის საქმეზე და ამხელა ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლის უკანაც ბრიტანეთი დგას, სარჩელს ერთ-ორ დღეში ვერ მოამზადებენ. ამიტომაც არ მიკვირს, რომ სარჩელის მომზადებას გარკვეული დრო დასჭირდა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".