
2 მილიონ ნახევარზე მეტი ლარი არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობას მოხმარდება. თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. მთავრობის განკარგულების შესახებ ინფორმაცია უკვე აქვთ ფერმერებს. ისინი ამბობენ, რომ გასულ წლებში არასტანდარტული მანდარინის გადაყრა უწევდათ, წელს კი, სუბსიდირების პროგრამის დახმარებით, პროდუქციის სრულად ჩაბარება შეძლეს.
"იბერია ორბის ციტრუსის" მიმღებ-გადამამუშავებელ ქარხანაში უკვე მიღებულია 4 500 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი. საწარმოში აცხადებენ, რომ მთავრობის ხელშეწყობის გარეშე ასეთი შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.
აჭარის რეგიონში არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი სამი საკონსერვო ქარხანა ფუნქციონირებს. მიუხედავად უხვი მოსავლისა, ქარხნებში მიღების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სუბსიდირების პროგრამა სეზონის სრულად ამოწურვამდე გაგრძელდება.
განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერს, სახელმწიფო პროგრამით სუბსიდირებისთვის გათვალისწინებულია 35 თეთრი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ფიზიკური პირებისგან ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 40 თეთრად შეისყიდიან.