
გიორგი გახარიას გუნდი ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისევ აკრიტიკებს და 4 ოქტომბრის მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს. მათი შეფასებით, ამ მოვლენებში ზურაბიშვილი „სეირის მაყურებლის" როლში იყო, ხოლო აქციის უშუალო ორგანიზატორებმა კი ქვეყანაშ მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია მოახდინეს.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა, რომ ოთხ ოქტომბერთან დაკავშირებული ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
„არ ვიცი, ბაჩო ახალაია იყო თუ არა ოთხი ოქტომბრის აქციის დამხობის ორგანიზატორი. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაიმე ფორმით ხელი შეუწყო ოთხი ოქტომბრის ე.წ დამხობის პროვოკაციას, უპირველესად „ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პარტიები თუ ინდივიდები, პასუხი აგოს. უპირველესად, ვსაუბრობ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ასევე ვსაუბრობ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე იმ ინდივიდებისთვის, რომლებიც ე.წ. სეირის მაყურებლების როლში იყვნენ ოთხ ოქტომბერს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
„ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებულია ოთხი ოქტომბრის დამხობის პროვოკაციასთან, ამ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რადგან ამ ადამიანებმა საქართველოს დაუკარგეს მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლების შეცვლის მომავალი. ოთხი ოქტომბრის ე.წ. პროვოკაციის შედეგად საქართველოში მოქმედი მშვიდობიანი პროტესტი დისკრედიტირებულია და ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავოთ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტის იდეის გადასარჩენად", - განაცხადა კეკენაძემ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ქუთაისის მერის არჩევნებში სწორედ ექსპრემიერ გახარიას პარტიის სახელით მონაწილეობდა, ამბობს, რომ განცხადების ავტორს ეთანხმება, თუმცა ეს არ არის პარტიის პოზიცია.
„ეს არის ადამიანის პირადი მოსაზრება. ეს არ არის პარტიის არც რეზოლუცია, არც განცხადება. აქ ლაპარაკია პოლიტიკურ პასუხიმგებლობაზე, ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი პოლიტიკურად, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, რადგან ამან ბევრი რამ გააფუჭა საქართველოში და ვიცი, რომ „ოცნების" მმართველობა გააძლიერა. მეც ვეთანხმები კეკენაძეს. მე ერთი კითხვა მაქვს - რაღა მაინცდამაინც 4 ოქტომბერს დაამთხვიეს ეს უდღეური რევოლუცია?
„რადგან 4-ში ტარდებოდა კონსტიტუციით დადგენილი ადგილობრივი არჩევნები, ამ ხალხმა, ვინც ეს „რევოლუცია" დაგეგმა, მათ დაარტყეს ადგილობრივ არჩევნებს, რომ არ ჩატარებულიყო. სამწუხაროდ, ერთი მხრივ ბოიკოტმა და მეორე მხრივ წინაწარ გამოცხადებულმა „რევოლუციამ" მნიშვნელოვნად დააზიანა კონსტიტუციური წესრიგი საქართველოში."
კითხვაზე რა დგას ამ განცხადების უკან და ემსახურება თუ არა არშემდგარ „რევოლუციაში" სალომე ზურაბიშვილის როლის გამოკვეთას, გვპასუხობს:
„რა თქმა უნდა, ზურაბიშვილმა მოუწოდა ხალხს, იქ იყო. მან, ფაქტობრივად, დასცინა კონსტიტუციურ მმართველობას, დასცინა ადგილობრივ არჩევნებს, არადა ოდესღაც პრეზიდენტი იყო. მან, პრაქტიკულად, თავისი მოწოდებებით დაამძიმა 4 ოქტომრის კონტექსტი, რამაც კატასტროფულად გააძლიერა მმართველი ძალა. ამიტომ მასაც ალბათ უნდა მოეკითხოს პასუხი, თუ რისი მიღწევა უნდოდა 4 ოქტომბერს, როცა ხალხს მოუწოდებდა ქუჩაში გამოსვლისკენ - ეს ერთი და მეორე - როცა დასცინოდა და აბუჩად იგდებდა კონსტიტუციით დადგენილ ადგილობრივ არჩევნებს", -განაცხადა ზაქარეიშვილმა.
- პაატა ზაქარეიშვილი: „რა თქმა უნდა, ზურაბიშვილმა მოუწოდა ხალხს, იქ იყო. მან, ფაქტობრივად, დასცინა კონსტიტუციურ მმართველობას, დასცინა ადგილობრივ არჩევნებს, არადა ოდესღაც პრეზიდენტი იყო."
მისივე შეფასებით, 4 ოქტომბრის აქციის ყველა ორგანიზატორმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაშიც იგულისხმება მათი მხრიდან შეცდომის აღიარება და ის, რომ ეს აღიარება მათ „წინ დახვდეთ".
„როგორც წესი, პოლიტიკურ პასუხიმგებლობაში იგულისხმება ის, რომ უნდა იქვას სიმართლე. ადამიანებმა უნდა ატარონ ეს ტვირთი, ვთქვათ, თუ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, საპარლამენტო იქნება თუ ადგილობრივი, მათ წინ დახვდეთ მათ მიერ აღიარებული პოზიცია, რომ დიახ, შეცდნენ, რომ 4 ოქტომბერს დანიშნეს „რევოლუცია". ანუ პოლიტიკური პასუხიმგებლობაა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, რომ პოლიტიკურად შეაფასონ ამ ადამიანების ნაბიჯები - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.