მარიამ ვეკუა
27.12.2025

დასავლეთთან ურთიერთობებში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ხელისუფლება „სტრატეგიულ მოთმინებაზე" საუბრობს და 2026 წელს შესაძლო გარდატეხის წლად ასახელებს, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ოპტიმიზმი რეალურ პოლიტიკურ წინაპირობებს მოკლებულია და ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მოლოდინი, პირიქით, სკეპტიციზმს იწვევს.

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის, თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არჩეული აქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.

„ვფიქრობ, 2026 წელი შეიძლება გახდეს გარდამტეხი სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს არჩეული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. მიუხედავად იმ უსამართლობისა, რომელსაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ჩვენ მოთმინებით ველოდებით გარდატეხის შესაძლებლობას და რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ნებისმიერ შანსს ამ მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რას ეფუძნება „ოცნების" ოპტიმიზმი

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ პრემიერის განცხადება, უბრალოდ პროპაგანდაა.

 

  •  ვახტანგ ძაბირაძე: „როგორც ერთი წლის წინ ლაპარაკობდნენ, რომ ამერიკაში ახლა ტრამპი მოვა და ყველაფერი იქნება კარგად, ჩვენ მასთან ურთიერთობას დავალაგებთ და ა.შ., იგივე განცხადება კეთდება ახლაც."

„არაფერს ეფუძნება, ეს არის უბრალოდ პროპაგანდისტული განცხადება. ისევე, როგორც ერთი წლის წინ ლაპარაკობდნენ, რომ ამერიკაში ახლა ტრამპი მოვა და ყველაფერი იქნება კარგად, ჩვენ მასთან ურთიერთობას დავალაგებთ და ა.შ., იგივე განცხადება კეთდება ახლაც. აბა, იმას ხომ არ იტყვიან, რომ ურთიერთობები გაფუჭდება და ცუდად იქნებაო", -განაცხადა ძაბირაძემ.

განსხვავებულად ფიქრობს, ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე:

„მე ჯერ არ მომისმენია ეს განცხადება, მაგრამ შეიძლება გათვლა იყოს იმაზე, რომ ევროპაში ნამდვილი კრიზისია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ ევროპამ უნდა აღიდგინოს თავისი ფასეულობები, ისევ ის ცივილიზაცია გახდეს, რაც იყო და ა.შ."

თუ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდა

კითხვაზე, მომავალ წელს რუსეთ-უკრაინის ომი დასრულების შემთხვევაში, ამან როგრ შეიძლება იმოქმედოს საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობაზე, ძაბირაძე გვპასუხობს:

„აქ მნიშვნელოვანი იქნება როგორ და რით დასრულდება ეს ომი. მე ბოლომდე აქაც არ ვარ დარწმუნებული, რომ მომავალ წელს დასრულდება. შეიძლება ბრძოლები შეწყდეს, თუმცა კონფლიქტის მოგვარებამდე საკმაოდ დიდი დრო არის და არ მგონია ეს სწრაფად გადაწყდეს.

 

„თუ დავუშვებთ, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, ეს იქნება დამოკიდებული, როგორ იქნება აღქმული რუსეთ-უკრაინის ზავი. თუ ქართული საზოგადოება ჩათვლის, რომ კონფლიქტი გაიყინა იმ საომარ ზოლზე, რაც დღეს არის - ეს ერთია; თუ ჩათვლის საზოგადოება, რომ რუსეთმა მარცხი განიცადა ამ ომში - ეს მეორე თემაა; თუ ჩათვლიან, რომ რუსეთმა გაიმარჯვა, მაშინ „ოცნების" პოლიტიკა გამყარდება. დანარჩენ ორ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გარკვეული კორექტირება და ცვლილებები, არ გამოვრიცხავ ასეთ ვითარებაში „ოცნება" რაღაც რეფორმებსა და კომპრომისზე წავიდეს, ვითარებაც მეტნაკლებად დადებითი კუთხით შეიცვალოს".

კითხვაზე, უფრო მეტად რომელი ვარიანტი ესახება რეალურად, გვპასუხობს:

„უფრო ველოდები პირველ ვარიანტს, როცა ეს სიტუაცია გაიყინება... აქ ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცამ მოიგო ან წააგო, რთული იქნება", - განაცხადა ძაბირაძემ.

 

  • პეტრე მამრაძე: „შეიძლება გათვლა იყოს იმაზე, რომ ევროპაში ნამდვილი კრიზისია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია გამოქვეყნდა".

პეტრე მამრაძეც ასევე ფიქრობს, რომ მნიშვნელობა ექნება, თუ რა პირობებით დასრულდება ომი.

„გააჩნია რა პირობებით დასრულდება. ყოველდღე ვეცნობი მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრს, რომლებიც ამბობენ, რომ აშკარად არ მოეწერება ხელი შეთანხმებას ამ ეტაპზე. არავინ არ აპატიებს (ზელენკის), რომ მან დათმოს დონბასის ტერიტორია და მეორეს მხრივ, პუტინი იმ 20-პუნქტიან ხელშეკრულებაზე, რაც ზელენსკიმ წარმოადგინა, არასდროს მოაწერს ხელს.

„ასე რომ, რთული სათქმელია. დადგება ახალი გეოპოლიტიკური ეპოქა გაისად? მე კი არა, ყველაზე დიდი ავტორიტეტები იკავებენ თავს ასეთი პროგნოზისგან", - განაცხადა მამრაძემ.

იქნება 2026 პოლიტიკური გარდატეხის წელი?

ვახტანგ ძაბირაძე მომავალ წელს საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესებას ელოდება.

„ერთადერთი, რამაც ჩვენს პარტნიორებს შეიძლება „ოცნებასთან" ურთიერთობის აღდგენისკენ უბიძგოს, ეს არის ახალი არჩევნები, პატიმრების გამოშვება და ა. შ. ამ საკითხებს თუ „ოცნება" მოაგვარებს, მაშინ, რა თქმა უნდა, აღადგენენ ურთიერთობას. თუმცა, არსებულ პოლიტიკას ჯერჯერობით არაფერი ეტყობა, რომ „ოცნება" რამის შეცვლას გეგმავდეს. თუ პოლიტიკა ასეთი დარჩება, მე პირიქით ველოდები, რომ ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდება, ვიდრე დღესაა.

„რიგგარეშე არჩევნები, პატიმრების გამოშვება, ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის აღდგენა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, სასამართლო სისტემის რეგომრა, რაც მთავარია, დასავლური კურსის აღდგენა - თუ ყველაფერ ამას გააკეთებს „ოცნება", დასავლეთს კი არა, არც მე მაქვს პრობლემა. თუმცა, დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას კი არა, გაუარესებას ველოდები."

პეტრე მამრაძე 2026 წელს რაღაც მნიშვნელოვან გარდატეხებს არ ელის.

„მე პირადად არ ველი 2026 წელს გარდატეხას. ჩემთვის პირადადად სასიამოვნო სიურპიზი იქნება, თუ დასავლეთში მოხდება გარდატეხა. შეიძლება უფრო პრაგმატულნი გახდნენ, შესაძლოა არ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომ მთლიანად მოსახლეობას ჩამოართვან უვიზო მიმოსვლის უფლება და მხოლოდ ვინც თანამდებობის პირია „ოცნების" მხრიდან, მათ შეუზღუდონ, მატ შეუძლიათ, ასეთი რაღაცები შეიძლება."

„მე მიჭირს წარმოდგენა, სანამ ეს შემადგენლობა არის ევროკომისრებისა, ამ ადამიანებმა საქართველოს მიმართ უცებ შეცვალონ დამოკიდებულება და თქვან - „არა,"ჩვენ გვეშლებოდა, არც დიქატატურა არ ყოფილა, არ ყოფილა მოსკოვის მარიონეტი ხელისუფლება..." ამას არ ველი", - განაცხადა მამრაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×