რეზონანსი
25.12.2025

აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდება, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს შეთანხმება ასახულია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის ორმხრივი სამხედრო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმში“, რომელიც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა.

დოკუმენტი რვა მუხლისგან შედგება. შეთანხმების თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას, გაუწიონ ერთმანეთს ორმხრივი დახმარება იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მათგანი შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლით აღიარებული ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლების განსახორციელებლად.

მხარეების მიერ ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ხორციელდება ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნით და მათი შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. მშვიდობიან დროს, მხარეები რეგულარულად ატარებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და მანევრებს.

მემორანდუმი მოიცავს მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობისა და სამხედრო უსაფრთხოების სფეროს საკითხებს და ამ ჩარჩოებში ითვალისწინებს მხოლოდ თავდაცვის სფეროში ურთიერთდახმარებას, წვრთნებს, მომარაგებას და მხარეთა ერთობლივი ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები, მათი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, აძლიერებენ ინფორმაციის გაცვლას და სამხედრო დაზვერვის თანამშრომლობას სამხედრო სფეროში; შესაბამისად, მათ შეუძლიათ ერთმანეთთან გაუზიარონ სამხედრო უსაფრთხოების სფეროში მოპოვებული ინფორმაცია (კლასიფიცირებული, უმკაცრესად საიდუმლო, განსაკუთრებული მნიშვნელობის) და გამოიყენონ ეს ინფორმაცია ერთობლივი ოპერაციების დროს.

მხარეებს შორის ამ მემორანდუმის ინტერპრეტაციასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება უნდა გადაწყდეს მხოლოდ მხარეებს შორის მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გზით.

ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების ან დამატებების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს მხარეთა ორმხრივი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×