
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აფასებს და არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე კიდევ დაიჭირონ ხალხი. ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში არავითარი საინტერესო პროცესები არ მიდის.
ზაალ ანჯაფარიძე: მე ვფიქრობ, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სავსებით მოსალოდნელია, რომ დამნაშავეთა წრე გაიზარდოს და ვინ იქნება ამაში ჩართული, ალბათ გამოძიება გვიჩვენებს. ჩემი აზრით, გამოძიება ამ ეტაპზე ბაჩო ახალაიათი შემოიფარგლა, თუმცა არ გამოვრიცხავ, ამ მოვლენებში სხვა ცნობადი სახეებიც იყვნენ ჩართული. ჩვენ ვიცით, რომ მის გარდა კიდევ ორი პიროვნება იყო აქტიური მონაწილე, რომლებიც ახლა საქართველოში არ იმყოფებიან და იძებნებიან. ვიცით, თუ რა სერიოზულ იმედებს ამყარებდა ოპოზიცია 4 ოქტომბრის გამოსვლაზე, თუმცა ახლა იძახიან, რომ მშვიდობიანი მიტინგი იყო. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა პირებთანაც ყოფილიყო კომუნიკაცია ამის თაობაზე. ამას ალბათ, ეტაპობრივად გავიგებთ.
„რეზონანსი"; რა პროცესები მიდის ოპოზიციაში? უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე ახალ გეგმებს?
ზ.ა: მე ვიტყოდი, რომ ოპოზიციაში არავითარი საინტერესო და ღირებული არ ხდება. მათი მხრიდან ბრძოლის ახალ გეგმებზე საუბარი წლების განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, ყოველჯერზე ფიასკოს განიცდიან. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციაში სერიოზული ინტელექტუალური დეფიციტია. ამაზე მიუთითებს 4 ოქტომბრის მოვლენებიც. რაც შეეხება საგარეო პარტნიორებთან ურთიერთობას, მე ვფიქრობ, საგარეო აქტორები კარგად ხედავენ, რომ მათ სახალხო მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ამის ყველაზე კარგი ინდიკატორი რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ასიოდე ადამიანია.
- მე მესმის, რომ ვინაიდან საქართველოში სხვა საყრდენი არ ეგულებათ, იძულებულები არიან ამათ დაუჭირონ მხარი.
თუმცა ეს მხარდაჭერა არ მიდის სიტყვიერი განცხადებების, რეზოლუციების იქით.
„რ":რას ფიქრობთ ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე და ასევე, 27 დეკემბერს დაანონსებულ მსვლელობაზე?
ზ.ა: ჩემი აზრით, ამ მსვლელობის ერთ-ერთი მიზანია, რომ ხელისუფლებას როგორმე რაღაც ფატალური შეცდომა დააშვებინონ და ვიღაც დაზიანდეს, ან მსხვერპლი მოჰყვეს, რომ საზოგადოება აღშფოთდეს და საპროტესტო განწყობაზე დადგეს. ან მეორე მიზანი შეიძლება იყოს, რომ ისინი თვლიან, თუ რაღაცნაირად შეასუსტებენ ამ გამოსვლებს, დასავლეთის თვალში მათ დისკრედიტაციას გამოიწვევს და მხარდაჭერას შეამცირებს. ძირითადად, ეს ორი მიზანია.
„რ": რას ფიქრობთ ხელისუფლების ინიციატივაზე ფასების შემცირების შესახებ, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა?
ზ.ა: ოპოზიცია ხელისუფლებას ყოველთვის აკრიტიკებს, რა ინიციატივაც არ უნდა იყოს. მე არ მახსენდება ერთი შემთხვევაც კი, რომ ოპოზიციას ეთქვა, მე რაღაცებში არ გეთანხმები, მოდი ერთად დავსხდეთ და განვიხილოთო. ყველაფერს კრიტიკას ხვდებიან და რაც ყველაზე საშინელებაა, ეს არის შიშველი კრიტიკა, არანაირ არგუმენტაციაზე დაფუძნებული არ არის. უბრალოდ უნდათ, რომ ბიზნესი დააძშინონ და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ. მე შეიძლება ბოლომდე ამ საკითხში ჩახედული არ ვიყო და ეს თემა უფრო ეკონომისტებისაა, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში ანტიმონოპოლური კანონი არსებობს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ალაგმოს კარტელური გარიგებები. მე რაც მოვისმინე ამაზე იყო საუბარი პრემიერის გამოსვლაში, რომ უნდა გაირკვეს, ხომ არ დგას ამის უკან კარტელური გარიგებები.