რეზონანსი
25.12.2025

რა მეთოდებს იყენებს „დიპ სტეიტი“, იგივე უდიდესი გავლენის მქონე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სათავეში საკუთარი ინტერესების მორჩილი, აგენტურისგან დაკომპლექტებული ხელისუფლებები მოიყვანოს და შეინარჩუნოს? ბუნებრივია ამ პროცესში ერთ-ერთი როლი ლიბერალიზმის დამახინჯებულ ვერსიას, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას გააჩნია, რომელიც, საკუთარ თავში, გარდა კულტურული და ღირებულებითი საკითხებისა, სახელმწიფოს მართვის პრინციპებს გულისხმობს, - ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

შათირიშვილის განცხადებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმზიდველი იდეების მიღმა სინამდვილეში დამახინჯებული, მაგრამ კარგად შეფუთული მეთოდები იმალება, რომლებითაც „მოწყვლადი ინსტიტუტების არაფორმალურ გავლენებს დაქვემდებარებული ადამიანებით დაკომპლექტება მარტივი ხდება“.

„პლურალიზმის, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმზიდველი იდეების მიღმა კი, სინამდვილეში ამ ღირებულებების დამახინჯებული, საკუთარ შინაარსს აცდენილი, თუმცა, კარგად შეფუთული პრაქტიკული მეთოდები იმალება, რომლის დანერგვის შემთხვევაშიც, ძალიან დიდი გავლენის, ფინანსური შესაძლებლობებისა და ზეწოლის ბერკეტების წინაშე აღმოჩენილი მოწყვლადი ინსტიტუტების არაფორმალურ გავლენებს დაქვემდებარებული ადამიანებით დაკომპლექტება მარტივი ხდება,“- ვკითხულობთ წერილში.

შათირიშვილის თქმით, თუკი ვინმეს სურს, რომ კონკრეტული ქვეყანა საკუთარი ინტერესებს დაუქვემდებაროს ამისათვის საჭიროა, რომ ხელისუფლების სამივე შტო და მასმედია საკუთარი გავლენის ქვეშ ჰყავდეს, რაც საბოლოო მიზნამდე მიიყვანს.

„ბუნებრივია, იმისთვის, რომ სახელმწიფო სწორად ფუნქციონირებდეს, მთავარი როლი ხელისუფლების სამივე - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს დამოუკიდებლობას, ურთიერთბალანსს, უფლება-მოვალეობების მკაფიოდ გამოკვეთასა თუ გამიჯვნას და იმგვარი ურთიერთკონტროლის მექანიზმის არსებობას გააჩნია, რომელიც ერთის მიერ მეორის დაქვემდებარებას გამორიცხავს. ამ პროცესში, უმნიშვნელოვანესია, რომ ხელისუფლების თითოეული ეს შტო იმ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით მოქმედებდეს, რომლის იურისდიქციაშიც ფუნქციონირებს და რომლის ხალხიც ლეგიტიმაციას ანიჭებს. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს მედია, რომელსაც საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებზე მისი მაღალი ხარისხის გავლენის გამო „მეოთხე ხელისუფლებას“ სრულიად სამართლიანად უწოდებენ. სწორედ ამიტომ, თუკი გსურს, კონკრეტული სახელმწიფო საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებარო, უნდა ეცადო, რომ ხელისუფლების სამივე შტო და მასმედია საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციო, პარალელურად კი საზოგადოება დაარწმუნო, რომ მექანიზმები, რომელსაც საბოლოო მიზნამდე მიყავხარ, სინამდვილეში, ხალხის ინტერესებით, თავისუფლების ხარისხის ზრდით და მეტი კეთილდღეობის უზრუნველყოფით არის ნაკარნახევი. 

საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები იმის საუკეთესო მაგალითია, „დიპ სტეიტი“, როგორ ცდილობდა ხელისუფლებაში მოყვანილი საკუთარი აგენტურის ქვეყნის სათავეში შენარჩუნებას, როგორ ხუჭავდა თვალს მათ ნებისმიერ ანტიჰუმანურ და არადემოკრატიულ ქმედებაზე, პარალელურად კი, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა, როგორ ცდილობს, ძირითადად, უსაფუძვლო კრიტიკისა და „მეტი დემოკრატიულობის“ სახელით ხელისუფლებას საკუთარი ხელით, იმგვარი პრინციპები დაანერგვინოს, რომელიც როგორც მინიმუმ, უცხო ინტერესების მნიშვნელოვან გავლენებს, მაქსიმუმ კი ძალაუფლების კვლავ აგენტურისთვის დაბრუნებას უზრუნველყოფს“, - ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×