
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრას აანონებს, სავარაუდო თარიღი 28 დეკემბერი სახელდება. ამ ეტაპზე შეხვედრაზე ბევრი დეტალები არ ვრცელდება, თუმცა ზელენსკი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი დოკუმენტი უკვე მომზადებულია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ის აპირებს ტრამპს უკრაინულ-ევროპული გეგმა გააცნოს.
„შეიძლება საუბარი იყოს ამ სამი გეგმის შეჯერებაზე, ახლა მიჭირს საუბარი. მე არ გამოვრიცხავ, რომ ზელენსკი როცა ტრამპს შეხვდება უკრაინულ-ევროპული გეგმის რაღაც მომენტები აჩვენოს", - ამბობს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან".
მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ტრამპთან შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.
„არცერთ დღეს არ ვკარგავთ. შევთანხმდით შეხვედრაზე უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს დღეებში. ბევრი რამ შეიძლება ახალ წლამდე გადაწყდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ვიზიტი შესაძლოა 28 დეკემბერსაც შედგეს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.
ზელენსკიმ დეტალურად აღწერა ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან გამართული სატელეფონო საუბარი და განაცხადა, რომ ეს იყო სისხლისღვრის შესაჩერებლად საჭირო „ფორმატების, შეხვედრებისა და ვადების" ღრმა განხილვა.
„ჩვენ თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვესაუბრეთ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. ეს იყო ნამდვილად კარგი საუბარი: ბევრ დეტალზე ვისაუბრეთ, გვაქვს კარგი იდეები, რომლებიც განვიხილეთ. გვაქვს რამდენიმე ახალი იდეა ფორმატების, შეხვედრებისა და ვადების თვალსაზრისით, თუ როგორ მივაღწიოთ რეალურ მშვიდობას. დღესვე, რუსტემ უმეროვი გააგრძელებს დისკუსიებს ამერიკულ გუნდთან და მნიშვნელოვანია, თუ შევძლებთ დღეს განხილული იდეების ორგანიზებას",- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი დოკუმენტი უკვე მომზადებულია, თუმცა არსებობს „მგრძნობიარე საკითხები", რასაც ჯერ კიდევ მუშაობა სჭირდება.
„ამერიკულ გუნდთან ერთად, ჩვენ გვესმის, თუ როგორ განვახორციელოთ ეს ყველაფერი. შესაძლოა, მომავალი კვირები დაძაბული იყოს. მადლობა შეერთებულ შტაბებს და მადლობა ყველას, ვინც აგრძელებს ზეწოლას რუსეთზე, რათა გაიგონ, რომ ომის გახანგრძლივებას მათთვის მძიმე შედეგები მოჰყვება",- განაცხადა ზელენსკიმ.
ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი არც თუ ისე რეალისტურად გამოიყურება.
„ჯერჯერობით რეალისტური რამე არ ჩანს.
- ფაქტობრივად, სამნაირი გეგმა არსებობს- უკრაინულ-ევროპული, კრემლის და ამერიკული.
აქედან რუსული და უკრაინული გეგმები ვიცით, მაგრამ ამ ეტაპზე ამერიკული არ ვიცით. შეიძლება საუბარი იყოს ამ სამი გეგმის შეჯერებაზე, ახლა მიჭირს საუბარი. რუსებმა თქვეს, რომ ამერიკული ფორმატი მიიღეს და მისი შესწავლა დაიწყეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ზელენსკი როცა ტრამპს შეხვდება უკრაინულ-ევროპული გეგმის რაღაც მომენტები აჩვენოს და მოახდინოს მასზე რაღაცნაირად ლობირება, რათა როგორმე აუხსნას", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".