თამთა ჩაჩანიძე
26.12.2025

ჩერგოლეიშვილ-ჟორჟოლიანს კვლავ „ფეისბუქ ომი" აქვთ, „ფედერალისტების" ლიდერი ბაჩო ახალაიას მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს ღიად ხელს ადებს, რომ 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიან დამხობაში მართლაც მონაწილეობდა და კამპანიას საჯაროდ ეწეოდა. ამ პოსტის ე.წ. სქრინს აზიარებს ნანუკა ჟორჟოლიანი და თან ურთავს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი სუს-ს ეხმარება.

თავად ანი ნადარეიშვილი ადასტურებს, რომ ჯერ ხელბორკილები დაადეს და მერე გაათავისუფლეს, თუმცა უარყოფს 4 ოქტომბრის საქმეში ოჯახის ჩართულობას. ამბობს, რომ დაკავებისას „სანახაობა იყო", სახლში 30 ავტომატიანი და ნიღბიანი სამართალდამცავი შეუცვივდა და „ლაივის" ჩართვის საშუალება არ მიეცა, რადგან მისი ტელეფონი ნივმთმტკიცებად მაშინვე ამოიღეს.

ჩერგოლეიშვილი ამავე პოსტში ამბობს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი მას „ოცნების" მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რადგან ის გრძელვადიან პროტესტს უჭერს მხარს და არა „მშვიდობიან დამხობას".

„ჩერგოლეიშვილიო - ნაცები ხავიან ახალაიას დაჭერაზე (იხავლეთ, ჯანში მიმდის). მეგობრებო, ახალაია კი არა, 60 კაცია ციხეში სააკაშვილის უპასუხისმგებლო ავანტიურის გამო. ვინც ვამტკიცებდით, რომ აფერაა მთელი ეს „დამხობა", არანაირი საფუძველი არ აქვს და მხოლოდ დემოკრატიული ოპოზიციის დისკრედიტაციისთვისაა მოგონილი - ქოცებთან შეკრულებს გვიწოდებდით და ჩვენს დისკრედიტაციას ეწეოდით. სააკაშვილ/ხაზარაძის ტელეკლოაკებზე დაბლოკილი იყო დისკუსიაც და ის სპიკერებიც, ვინც ოთხი ოქტომბრის ფარსს საფრთხედ და უდიდეს ზიანად ვთვლიდით.

  • „ახალაიას ცოლი ორი თვე 4 ოქტომბრის „მშვიდობიან დამხობაზე" კამპანიას ეწეოდა - საჯაროდ. ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა - საჯაროდ. (გაითვალისწინეთ, რომ საჯაროდ აკეთებდა ამას და ისიც გაითვალისწინეთ, რომ „ხელნაწერები არ იწვის")

„გრძელვადიან პროტესტს ვინც „მხარს უჭერს", ქოციაო - ნანულები ჯღაოდნენ და ჩერგოა შუაში? ჩერგოს ბრალია, რომ არ დაუჯერეთ და ეს სამარცხვინო ცირკი არ შეწყვიტეთ? სხვა დროს დამიჯერეთ ხოლმე. ეგაა და ეგ. როგორ ფიქრობთ, რატომ ვანგრევ ოპო ტელეკლოაკებს? ტელევიზორში მინდა? არა! მკიდია მაგათთან „დაგავარნიაკები". თავისუფალი მედია მინდა, სადაც ნებისმიერი კრიტიკა თავისუფალია, მოქალაქეებს დამოუკიდებლად აზროვნების საშუალებას აძლევს და ოპოზიცია ჯოგად არაა ქცეული", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ამ პოსტის „სქრინს" აზიარებს ნანუკა ჟორჟოლიანი და წერს, რომ ჩერგოლეიშვილი ნაწერებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეხმარება.

„ანი ნადარეიშვილი გუშინ დააკავეს. კი გამოუშვეს, თუმცა დაგვიანონსეს რომ ციხე ელის.

  • „ჩერგო გამოდის და სუს-ს ეუბნება, თუ ვერაფერს იპოვით იცოდეთ აქაც ბევრი წერა, ნაწერები არ იწვისო. სქრინებიც აქვს ალბათ და ანონიმურად გაუგზავნის გამოძიებას. როცა იტყვით რომ ამის დრო არაა, გახსოვდეთ ამ ქალს იცავთ."

თავად ანი ნადარეიშვილი დაკავების დეტალებზე საუბრობს.

„მომადგა ის ქალბატონი გამომძიებელი და მითხრა, რომ თქვენც დაპატიმრებული ხართ და აქეთ გადმობრძანდითო და დაიწყეს ჩემი ოქმის შევსებაც. მე გამიყვანეს, მერე გაიყვანეს ბაჩო და მერე წაუყვანიათ ზვიად გაგუა. სუს-ში წაიყვანეს დაკითხვაზე, იქ უთხრეს, ბაჩოს წინააღმდეგ მიეცი ჩვენებაო, დაადასტურე, რომ ჰქონდა კონტაქტი, ორგანიზატორი იყო და ანის გამოვუშვებთო, თუ არადა, ხედავთ, რომ ორივე დაჭერილია და ბავშვები დედ-მამის გარეშე დარჩებიანო. მერე გამოუშვეს, მოიყვანეს სახლში, სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა და ცოტა ხანში ისევ წაიყვანეს, იგივე უთხრეს, რამე ხომ არ მოიფიქრე, დასამატებელი ხომ არ გაქვსო?!"- განაცხადა ნადარეიშვილმა „ტვ პირველთან".

ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ბაჩო ახალაია რამდენიმე კვირის წინ პოლონეთში აპირებდა წასვლას, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს. დასძენს, რომ ადრე ისინი პოლონეთში, როგორც ემიგრანტები „ლუკმა-პურის საშოვნელად იმყოფებოდნენ" და კვლავ აპირებდა უკან გაბრუნებას. რაც შეეხება მიზეზს, თუ რის გამო არ გაუშვეს ბაჩო ახალაია საზღვარზე, ანი ნადარეიშვილის თქმით, მისთვის მიზეზი არ განუმარტავთ.

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ახალაიას „არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ არაფერთან, არც შეკრებებთან, არც გამოსვლებთან".

„ვაიფაი" ანი ნადარეიშვილზეა გაფორმებული და ამ ვაიფაი-ზე, ვინ იყო დაკავშირებული, კაცმა არ იცის. ოჯახში ვაიფაი-ზე რამდენი ვსარგებლობთ, ხომ? რომელმა დარეკა, ჯერ ესეც არ იციან და სახლში რომ ვაიფაი აქვთ და ანიზე არის გაფორმებული, კი, ეგრეა, მაგრამ მერე რა? იმ ვაიფაი-დან ვიღაცასთან რომ მოხდა დაკავშირება, არ იცი, ვინ დაურეკა, არ იცი, რაზე ელაპარაკა და [უთხრა] ორგანიზატორი ხარო, უნდა გაიაზრო ეს ყველაფერი," - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია წუხელ დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი საქართველოში ბაჩო ახალაია იყო. სუს-ში თქვეს, რომ მოვლენებს ის ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან. სუს-ის თანახმად, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით - ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართზე განხორციელებული აქვს „პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე" 9 წუთით ადრე, რაც შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ „ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული - გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული სუს-ი".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×