რეზონანსი
26.12.2025

სოფლის განვითარების სააგენტომ 2026 წელს დაგეგმილი იმ საერთაშორისო გამოფენების ჩამონათვალი წარადგინა, რომლებშიც საქართველოს აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა იგეგმება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2026 წელს  11 საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პავილიონების მოწყობა არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ  მომავალ წელს  სოფლის განვითარების სააგენტო პირველად მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში საუდის არაბეთში  Saudi Food Show, ინდოეთში -  Anuga India  და კატარში - Hospitality Qatar. 

2026 წელს დაგეგმილი გამოფენების ჩამონათვალი სოფლის განვითარების სააგენტომ აგროპროდუქციის მწარმოებლებთან წარადგინა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მხარდაჭერის ის მექანიზმები, რაც აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმაზე ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით სჭირდებათ. 

„საქართველოს გარემოს დაცვისა  და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის  განვითარების სააგენტოს მეშვეობით, აგრძელებს როგორც პირველადი, ასევე გადამმუშავებელი წარმოების მხარდაჭერას სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით. აქ  მოიაზრება როგორც დაფინანსების, ასევე თანამედროვე ცოდნის გავრცელების მექანიზმები, ხელშეწყობა ახალი ბაზრებზე დამკვიდრებაში და არსებულ საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების გამყარებაში. აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებისგან მივიღეთ გარკვეული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა. ჩვენ ეს  ყველაფერი მოვინიშნეთ, გავითვალისწინებთ და სამომავალოდ უფრო ეფექტიან მექანიზმს ავამოქმედებთ“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ.   

გრადა ამისა,  სოფლის განვითარების სააგენტო მომავალ წელს გეგმავს 10 ქვეყანაში 11 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას. მათ შორის გერმანიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, საუდის არაბეთში, აზერბაიჯანში, ჩინეთში, ინდოეთში, კატარში, ესპანეთსა  და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს საერთაშორისო  გამოფენებში მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებზე და სააგენტოს მხრიდან მონაწილე კომპანიებისთვის შეთავაზებულ მხარდაჭერის მექანიზმებზე. 

როგორც გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სახელმწიფო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია სავაჭრო პარტნიორების მოძიების და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების კუთხით. 

ბაზრების დივერსიფიკაცია პრიორიტეტების ჩამონათვალში ერთ-ერთი პირველია.  აქცენტი გაკეთდა მოცვის კულტურაზე, რომლის მიმართ მოთხოვნაც მზარდია, ამ მიმართულებით უწყვეტი მიწოდების ჯაჭვის შექმნა მნიშვნელოვანი ამოცანაა.

„მოცვის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო გამოფენები, მოცვი არის ის პროდუქტი რომელიც გეოგრაფიულად სამ კონტინენტზე გადის საქართველოდან  ექსპორტზე, შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთ ან ორ ქვეყანაზე ვიყოთ დამოკიდებული ამიტომაც  საერთაშორისო გამოფენებია ის წერტილი, სადაც ვპოულობთ იმ იმპორტიორებს რომლებთანაც სავაჭრო  კონტაქტებს ვაფორმებთ. - აღნიშნა  ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიის  „ქისტოუნ აგროს“ დირექტორმა თორნიკე ფანჯავიძემ.  

მისი თქმით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ასევე აუცილებელია  ქართული მოცვის შესყიდვით დაინტერესებულ პირებთან საქმიანი კომუნიკაციის გასაღრმავებლად  და პირისპირ  კონტაქტების დასამყარებლად. 

„საერთაშორისო გამოფენების შემდეგ ჩვენ ძირითადად ჩამოგვყავს იმპორტიორები, ის ადამიანები, ვისთანაც ვამყარებთ კომუნიკაციას და ვცდილობთ, უფრო მყარი კავშირი შევქმნათ, რათა არ იყოს ეს ერთჯერადი იმპორტი, არამედ იყოს  განგრძობითი. რისი მაგალითებიც მრავლად გვაქვს, ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან. ჩვენი მიზანია, ამ დამატებული გამოფენებით  აზიის ბაზარზეც შევძლოთ ეფექტურად მოცვის რეალიზაცია.“ აღნიშნა კომპანიის „ქისტოუნ აგროს“ დირექტორმა თორნიკე ფანჯავიძემ. 

ორგანული წვენების მწარმოებელი კომპანიის „ჯორჯიაზ ნეიჩრლ“ დირექტორის ვლადიმერ  გუგუშვილის თქმით,  სოფლის განვითარების სააგენტო უკვე მრავალი წელია,   მეწარმეებს და იმპორტიორებს ქართული აგროპროდუქციის მიმართ ცნობადობის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით ეხმარება. 

,,სოფლის განვითარების სააგენტოს როლი არის  მნიშვნელოვანი, ჩვენს კომპანიისათვის  შარშან განსაკუთრებით შედეგიანი იყო გამოფენებში მონაწილეობა. ჩვენმა კომპანიამ „ჯორჯიას ნეიჩერლ“  რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში, მათ შორის, აშშ-ში ქალაქ ჩიკაგოში, საუდის არაბეთში კი ქალაქ რიადში მიიღო მონაწილეობა. კარგი შედეგები გვქონდა.  წელს ყველასთან  ერთად დაიგეგმა მომავალი წლის გეგმები, კატარში,  საუდის არაბეთში, და ასევე ინდოეთში. რომელიც ძალიან საინტერესო ახალი ბაზარია ყველასთვის", - აღნიშნა  ვლადიმერ გუგუშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის განმავლობაშუ ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით,  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 45 მწარმოებელ კომპანიას  პროდუქცის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდა. ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე გერმანიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებში,  აზერბაიჯანში,  ჩინეთში, საუდის არაბეთში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

შესაბამისად, გაიზარდა როგორც ქართული პროდუქციის საექსპორტო ღირებულება და 10 მლნ ლარს გადააჭარბა. 

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოფენების ორგანიზება დაახლოებით 2 მლნ ლარით დაფინანსდა. ქართული პავილიონი 8 საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი და 48 აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ სოფლის განვითარების სააგენტო აგრო პროდუქციის მწარმოებლებისათვის საერთაშორისო გამოფენებზე ქართული პავილიონების მოწყობის ორგანიზებას 2022 წლიდან ახორციელებს. 

ქართული კომპანიების შერჩევის კრიტერიუმები და მონაწილოების პირობების შესახებ ინფომაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერზე www.rda.gov.ge.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×