
პოლიტოლოგი იგორ კვესელავა „რეზონანსთან" ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ უახლოეს მომავალში ფასების შემცირებაზე მუშაობა დაიწყება, დადებითად აფასებს და ამბობს, მთავარია განხორციელებადი იყოს. მეტიც, ფიქრობს, რომ ეს დაგვიანებულიც კია. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილს საკადრო პოლიტიკა არ უვარგა და ახსენებს, რომ ყველაფერს სწორედ კადრები წყვეტენ.
იგორ კვესელავა: ასეთი მიდგომა მართებულია, ოღონდ დაგვიანებული. მე აქამდეც ვამბობდი, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ეკონომიკასთან პირდაპირ მიბმულია დემოგრაფიული ვითარება, რაც ასევე საშინელებაა. ეს ნაბიჯი კარგია, მაგრამ დაგვიანებული. ხომ იცოდნენ რა მდგომარეობა იყო,
- სად იყვნენ აქამდე? წამლებისა და პროდუქტების ფასები ყოველდღიურად იზრდებოდა. ამის მიუხედავად, კარგია, რომ ამაზე საუბარი დაიწყეს. მთავარია, რომ განხორციელებადი იყოს - მოკლედ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით ყოფილი სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გარშემო ატეხილ ამბავს და მის დაკავებას? რაზე მიანიშნებს ეს?
ი.კ: ისტორიაში ასეთი ფაქტები საკმაოდ იშვიათია. ადამიანი, რომელსაც ძალიან სერიოზული თანამდებობა ეკავა, ციხეშია, რადგან თავისი მოღვაწეობის პერიოდში ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგა. მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს საკადრო პოლიტიკა არ უვარგა - პრეზიდენტიდან დაწყებული, მარგველაშვილი მაქვს მხედველობაში, მინისტრებით დამთავრებული. ბატონო ბიძინა, თქვენ ბევრი გმართებთ იმისთვის, რომ დაიმახსოვროთ - კადრები წყვეტენ ყველაფერს. ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა. ამ ხელისუფლებას ოპოზიცია მტრად მიაჩნია. ასე როგორ შეიძლება? შეიძლება ერთმანეთი არ მოსწონთ, მაგრამ ოპოზოცია ქვეყნის მტერი ხომ არაა?
არ არსებობს საქართველოს მსგავსი ქვეყანა, სადაც ყველა დარგს მხოლოდ იურისტები მართავენ. ოღონდ სუსტი იურისტები. რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი.
„რ": რას ფიქრობთ ოპოზიციის გეგმებზე? რა ვითარებაა ოპოზიციურ ველზე?
ი:კ: რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უფრო მეტი ძალა გააჩნია, ვიდრე ოპოზიციას, სხვანაირად შეუძლებელიც კია. თუმცა ეს მთავარი ძალა იმისკენ კი არ უნდა იყოს მიმართული, რომ ვინ ციხეში ჩასვას, ქუჩაში სდიოს, ვის არაადამიანურად მოექცეს და ა.შ. მაგრამ თვითონ ოპოზოციასაც აქვს ძალა. რასაკვირველია, მათ ჯარი არ ჰყავთ და ფიზიკურ ძალაზე არაა ლაპარაკი, მათი სიძლიერე სიტყვაზეა დამოკიდებული. მთავარია ვინ ამბობს ამ სიტყვას და თუ აქვს ამ პიროვნებას სუფთა წარსული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მათ ვურჩევ, რომ სიმართლე თქვან, მთავრობა გააკრიტიკონ, მაგრამ ისე რომ ამას წყალი არ გაუვა, ანუ მათ სიტყვას წონა ჰქონდეს. თორე ქარავანი მიდის და ძაღლი ყეფს, ეს დაემართებათ.