თამთა ჩაჩანიძე
24.12.2025

სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი უკვე წარედგინა, რასაც მისი ადვოკატიც ესწრებოდა. პროკურატურა კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს და კანონით გათვალისწინებულ ვადაში მიმართავს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გაგრძელება ჰქონდეს პროცესს, შეეხოს სხვა ყოფილ, თუ მოქმედ მაღალჩინოსნებს და საქმე ოპოზიციური მედიების დახურვამდეც კი მივიდეს.

ადვოკატ რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, ლილუაშვილის რამდენიმე უძრავ ქონებას ყადაღა ადევს. ლილუაშვილის სახელზე არსებულ რამდენიმე უძრავ ქონებას, მათ შორის, მის სახელზე რეგისტრირებულ ბინას, ყადაღა, დაახლოებით, 2 თვის წინ დაედო.

ადვოკატის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, „ლილუაშვილის ძვირადღირებული ქონება დაყადაღებულია და მისი გირაოთი ჩადება სამართლებრივად შეუძლებელია". ადვოკატის განმარტებით,

ბრალდებულის პოზიციაა, რომ სასამართლო ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს.

23 დეკემბერს დილით პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია და მედია.

"გაგრძელება ექნება"

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ლილუაშვილის დაკავებას გაგრძელება ექნება და შეიძლება ბევრს შეეხოს.

"ვფიქრობ გაგრძელება ექნება და შეიძლება ბევრს შეეხოს, ღარიბაშვილის კადრების მაქსიმალური წმენდა მოხდეს. აქ ერთი პორობლემაა, ხელისუფლება საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს, რომ თითქოს ლილუაშვილი ოპოზიური არხები ქოლ-ცენტრებიდან იმართებოდა, ლილუაშვილის საკითხის წინა პლანზე წამოწევა, ხელისუფლებას შავი პიარისთვისაც სჭირდება.

საზოგადოებაში ოპოზიციური მედიების დისკრედიტაცია რომ მოხდეს და მათი დახურვის საფუძველი გახდეს. ეტყვიან თქვი და შეგიმცირებთ პატიმრობის ხანგრძლივობას. სადაც ლილუაშვილი ვინმე გვანცელაძეს გაურიგდა და ბავშვებს ფულს პარავდნენ, ის ყველაფერს იკადრებს.

"ოცნებაში" ახლა შიშია, რომ მომდევნო ეტაპზე თავად რომელიმე არ აღმოჩნდეს ამ დღეში. დაშინებულები კი უფრო მეტად შეაქებენ ივანიშვილს და უფრო მეტად გამოხატავენ აღშფოთებას - თურმე როგორ ხდებოდა და ხელისუფლებაში რა კორუმპირებული ადამიანები გვყოლია. შიში ყველას აქვს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი სუფთა არაა და ფიქრობენ - ვინ იქნება შემდეგი.

"როცა ღარიბაშვილი პრემიერი იყო, კობახიძე ალბათ სხვებთან, თუნდაც მდინარაძესთან ერთად აქტიურად მუშაობდა და არაა გამორიცხული დაერწმუნებინათ ივანიშვილი, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილის ნებართვის გარეშე ფულებს ითვისებდა. ალბათ კობახიძეს პრემიერის პოსტი უნდოდა და ივანიშვილისთვის ერთგულების დამტკიცება.

"შეიძლება ითქვას, რომ ახლა კობახიძის კლანი გაბატონდა, ივანიშვილთან დაახლოებული ახლა ეს ჯგუფია და ისიც ფსონს კობახიძეზე დებს. იყო საუბარი, რომ ახლა კობახიძეს თითქოს უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ივანიშვილს და თითქოს კრემლი ახლა მასზე აკეთებს ფსონს, ეს არ მგონია რეალობას შეესაბამებოდეს, სიტუაციას ივანიშვილი მართავს. ის რომ არა, "ოცნება" უფრო მეტ მომხრეს დაკარგავს. თუ "ოცნებას" მომხრე ჰყავს, ეს ივანიშვილის ფაქტორია, რომელიც ფულთანაა დაკავშირებული, ის ილია ჭავჭავაძე და ექვთიმე თაყაიშვილი არაა.

 

  • "ლილუაშვილს დიდი ალბათობით პატიმრობას შეუფარდებენ, არაა გამორიცხული ალაპარაკონ, რომ თითქოს ოპოზიციურ მედიას აფინანსებდა. თავად შეიძლება კომპრომატები ჰქონდეს, ოღონდ საინტერესოა რამდენად შეძლებს ამაზე საუბარს. ვინც მასთან იყო, ყველა განუდგა, ყველა შეშინებულია, აგერ იზოლატორში რომ შეიყვანეს, არავინ არ მისულა. როდესაც ასე უკეთებენ, ის ვინც ამ ინფორმაციას ფლობს ლილუაშვილთან ერთად, რამდენად დაიწყებს ამაზე ლაპარაკს. რომ გაბედოს და თქვას, შეიძლება დააკაონ.

 

"არაა გამორიცხული გამოძიება კალაძემდე მივიდეს, გვანცელაძე იმ სააგენტოში მუშაობდა, რომელიც მერიის დაქვემდებარებაში იყო, იქ ცალკე სამშენებლო ბიზნესი, ბანკი, ტენდერები, თბილისის 2 მილიარდიანი ბიუჯეტი და ა.შ. რის გამოც ბევრი კითხვებია",- განაცხადა ჩიტაძემ.

"ლილუაშვილმა იმაზე უარესი იკადრა, ვიდრე გახარიამ"

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის სპეკულაციები, რომ შემდეგი შეიძლება თბილისის მერი კახა კალაძე იყოს, აზრს მოკლებულია. მისი თქმით, ლილუაშვილმა "იმაზე მეტი იკადრა, ვიდრე გახარიამ".

"ოპოზიციის სპეკულაციები ყოველგვარს აზრსაა მოკლებული. თავს მასხრად იგდებენ, როცა ამბობენ, რომ შემდეგი სამიზნე კალაძეა. იქამდეც წავიდნენ, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილს ბერა ივანიშვილით აშანტაჟებენ, ამას რაციონალურად ვერ შეაფასებ. როდესაც პროგრამები არ აქვთ, პროდუქტების ფასების ვარდნის პროგრამას მასხრად იგდებენ და ელექტორატზე არ ზრუნავენ, ეს ყველაფერზე მეტყველებს.

"ამ გახმაურებული დაკავებებით "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქმით და არა მოწოდებებით, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. არავის შერჩება არა მხოლოდ გუნდის ღალატი, არამედ ხალხის ჯიბეებიდან ფულის მოპარვა, მექრთამეობა, კორუფცია, უკანონო შემოსავლები და მრავალი სხვა.

 

  • "ლილუაშვილმა იმაზე უარესი იკადრა, ვიდრე გახარიამ. როგორც საგამოძოებო მასალები გვეუბნებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი მესვეური შავბნელი ფულით ოპოზიციურ აქტორებს აფინანსებდა და ამით ურტყამდა როგორც ხელისუფლებას, ისე ხალხს.

 

აქ საკმაოდ დიდი ქსელია გამოსავლენი, ვინ იყვნენ კონკრეტული ბენეფიციარები, გასაგებია, რომ მოარული გავრცელებული ხმით ერთ-ერთი იყო ლევან ხაბეიშვილი. საზოგადოებას აინტერესებს ვინ იყვნენ სხვები, ამას პასუხი გაეცემა და სპეკულაციები იქ ნოდარ მელაძე იყო, ელისო კილაძე იყო თუ კიდევ სხვები, ეს ჯერჯერობით დადასტურებულად არ ვიცით, მაგრამ აუცილებლად გავიგებთ. ამაზე სასამართლო სხდომები გაიმართება და ძალიან ბევრი შავბნელი საქმე გამომზეურდება, რომელშიც არა მოლოდ ლილუაშვილი, არამედ ქსელური რაღაცა დამნაშავეთა წრე უნდა იკვეთებოდეს.

"კიდევ ოპოზიცია უნამუსოდ ამბობს, რომ ხელისუფლება ვინმეს ხელს აფარებს, ესეც ტოტალური ტყუილია. ესაა ძალიან რეზონანსულ-ისტორიული საქმეები, თუკი სააკაშვილის დროს შეთითხნილი საქმეების გამოძიება სწრაფად ხდებოდა, ახლა ეგრე არაა, რადგან მტკიცებულებები და ფაქტებია საჭირო",- განაცხადა აბაშიძემ.

"სინანულზე მეტად ბრაზი"

"ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ სინანულზე მეტად ბრაზი ექნებათ ბრალის დადასტურების შემთხვევაში.

"თუ ამ ადამიანებს კორუფცია და ის მასშტაბი დაუდასტურდებათ, ალბათ სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება, რომ მათი ამ მოქმედებების გამო თითოეული ჩვენგანი დარტყმის, ნეგატიური აღქმების და განწყობების ობიექტი იყო. რა თქმა უნდა, ვზიანდებოდით ყველა, რადგან ვიღაც ადამიანებმა თავი ვერ შეიკავეს და თავისი უფლებამოსილება არასწორად გამოიყენეს.

"ვფიქრობ, როცა ქვეყანაში კანონის უზენაესობა არსებობს, არანაირი თანამდებობა და გუნდის წევრობა არ შეიძლება იყოს გარანტია იმისა, რომ მათ წინააღმდეგ ეს პროცესები არ დაიწყება. რა გვასწავლა ამ ყველაფერმა? - ეს ყველაზე მძიმე პერიოდში ხდებოდა, როცა ქვეყანა იყო როგორც ომის საფრთხეების წინაშე, ასევე რევოლუციური სცენარების წინაშე და მთელი პოლიტიკური ძალისხმევა, ისევე, როგორც უწყებების მობილიზება სრულად იყო გადართული ამ რისკების აღმოფხვრისთვის.

"ყველაზე ცუდი მომენტი დაიჭირეს იმისთვის (თუ დადასტურდა), რომ ეს ყველაფერი ეკეთებინათ. რა თქმა უნდა, ამ პირობებში ორივე ფლანგზე ბრძოლა წარმოუდგენელი იყო. მათ შორის, გუნდის შიგნითაც აღმოგვეჩინა ეს ყველაფერი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ნორმალური საპარლამენტო და დემოკრატიული სისტემა გულისხმობს, რომ იყოს სწორი და ობიექტური ოპონირება - ჩვენ ამასაც მოკლებული ვიყავით და გვიწევდა, რომ საკუთარი თავის ოპონირება გაგვეწია და ჩვენივე წიაღში აღმოგვეჩინა ის ხარვეზები, რომელიც რიგი მაღალი თანამდებობის პირების შემთხვევაში იყო", - განაცხადა წილოსანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×