
შსს-ს მიერ დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, 27 დეკემბერს, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა. აქციის დაანონსებამდე ცნობილი გახდა, რომ 21 დეკემბრიდან 9 იანვრამდე აქციის დროს მსვლელობის გამართვა შეიზღუდა. ორგანიზატორების თქმით, აქციიის ძირითადი მიზანია კიდევ ერთხელ მოითხოვოს ხალხმა საერთაშორისო გამოძიება ქიმიური მოწამვლის საქმეზე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ განსაცვიფრებელი არ იქნება, თუ აქტივისტები „საახალწლო ნაძვის ხეს მივარდებიან" და სადღესასწაულო დღეების „ჩაშხამებას შეეცდებიან", თუმცა, კანონდარღვევა დაუსჯელი არ დარჩება.
„რადიკალური ოპოზიცია სასოწარკვეთილია, თავადაც აღიარეს, რომ იმ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების იმ ნაწილის მხარდაჭერა არ აქვთ, რასაც ისურვებდნენ. ზოგიერთი შედარებით საღად მოაზროვნე ნაციპოზიციონერი აღიარებს, რომ ეს მათი ბრალია, ზოგი კი უტიფრად მიიჩნევს, რომ ეს ე.წ. დაშინებისა და ე.წ. რეპრესიების ბრალია.
„სინამდვილეში ჯანსაღი ოპოზიციური პროტესტი თავად ნაცრადიკალებმა ჩაახშეს. ოპოზიციის მხარდამჭერებს არაერთხელ შეუქმნეს ცრუ მოლოდინი, რომ შეიქმნებოდა ახალი ალიანსები, ერთობები და ხელისუფლებას მალე დაასრულებდნენ. ცირკის ცხენებს დაემსგავსნენ, რომლებიც ერთსა და იმავე წრეზე დარბიან.
„ეს კანონი არანაირად არაა არადემოკრატიული, როგორის წარმოჩენაც ნაცოპოზიციას და მათ ევროპელ მფარველებს უნდათ. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ საშობაო-საახალწლო დღეებში გერმანიის ცენტრში სადღესასწაულო ლოკაციებზე რომელიმე ოპოზიციური ძალის პროტესტია, ამას გერმანიის პოლიცია დაუშვებს? არ დაუშვებს, რადგან ჯერ ერთი მასობრივი თავყრილობა წინასწარ უნდა შეათანხმო, მეორეც, თუ კანონს დაარღვევენ, საყოველთაოდ ცნობილია როგორი ხისტი და დაუნდობელია გერმანული პოლიცია საპროტესტო აქციებთან გამკლავებისას.
„ნუ აქვთ ილუზია, რომ თუ კანონს დაარღვევენ, ეს დაუსჯელი დარჩება. დაკავებები იმდენი იქნება, რამდენი კანონდარღვევაც დაფიქსირდება. მასობრივი და ტოტალური დაკავებების იარლიყები კუთხეში მომწყვდეულ იმ უქნარა რადიკალთა ნარატივია, რომელთაც რეალურად არც არაფერი შეუძლიათ.
„ცნობილი სპიკერები - კოლექტიური ლაშა ბუღაძეები, ქეთი დევდარიანები რომ აქციებისკენ მოუწოდებენ, თავად არცერთხელ რატომ არ დაარღვიეს კანონი და პირწმინდად რატომ იცავენ, რა, ე.წ. მასობრივი პროტესტის მხარეს არ არიან? ფარისევლები და ფლიდები არიან და ბუნებრივია არავის არ უნდა არც წინასაახალწლოდ და არც მის მერე ციხეში მოხვედრა.
„გასაკვირი არანაირად არ იქნება და მრავალი წინა შემთხვევაც გვინახავს, რომ რადიკალები წინასაახალწლო დღეებში თავს ესხმიან ქუჩის მორთულობას, ნაძვის ხეს.
- „განსაცვიფრებელი არ იქნება, თუკი უნიათო ქუჩის აქტივისტები საახალწლო ნაძვის ხეს მივარდებიან და შეეცდებიან, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს, თუნდაც ოპოზიციური ოჯახებიდან წამოსულ ადამიანებს ჩაუშხამონ სადღესასწაულო დღეები, მაგრამ ეს არ მოხდება და მალევე აღიკვეთება.
„თუ ვთქვათ ეცდებიან, რომ ადმინისტრაციულ შენობებზე შტურმი მიიტანონ, ან ცენტრალური ქუჩების ბლოკირება მოახდინონ, ესეც დაუსჯელი არ დარჩება. დაუსჯელი არავინ რჩება და მიდიან იმ ციხეში, საიდანაც თურმე დილაადრიანად გამოსვლაც კი არ უნდათ", - განაცხადა გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლებას წინასაახალწლოდ ქვეყანაში ზედმეტი დაძაბულობა არ აწყობს და არც ოპოზიციას აძლევს ხელს სიტუაციის გამწვავება. ამბობს, რომ ფაქტიურად „უხმო შეთანხმება" იქნება და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.
„არ მგონია დღეს ხელისუფლება იმაზე წავიდეს, რომ აქციას დაუპირისპირდეს და ახალი წლის წინა დღეებში ქვეყანში ზედმეტი დაძაბულობა. ალბათ აქცია ჩატარდება და დიდი ალბათობით ხალხმრავალი იქნება. ვფიქრობ, პოლიცია არანაირ გადამჭრელ ზომებს არ მიიღებს მის აღსაკვეთად, ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდება. სიტუაციის გამწვავება-გამძაფრება დღეს „ოცნებას" არ უნდა აწყობდეს.
- „აკრძალვები ასე მარტივად არაა, უნდა შეატყობინო და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცეებმა განცხადებითაც მიმართეს, როგორც წინა ჯერზე და პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელი არ შეუშალოს. თუ ხალხმრავალი იქნება, ქუჩა გადაიკეტება, თუ არ იქნება, ალბათ არ გადაკეტავენ - გასაგებია, რომ დღეს ხელისუფლებას სიტუაციის გამწვავება არ აწყობს, მაგრამ არც ის მგონია, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციას აძლევდეს ხელს გამწვავება-გამძაფრება.
„მასობრივ დაკავებებს და დაძაბულობებს არ ველოდები. ფაქტიურად უხმო შეთანხმება იქნება ხელისუფლებასა და აქციის მონაწილეებს შორის - ერთნი აქციას გამართავენ, მეორენი ხელს არ შეუშლიან", - განაცხადა ძაბირაძემ
შსს-ს განცხადება
„2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეკრება თბილისში შოთა რუსთაველის გამზირზე, შეკრების ფორმა: შეკრება (მსვლელობის გარეშე);
შეკრების ჩატარების ადგილი: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
შეკრების დაწყების თარიღი/დრო: 2025 წლის 21-31 დეკემბერი, 19:00 საათი;
შეკრების დასრულების თარიღი/დრო: 2025 წლის 21-31 დეკემბერი, 24:00 საათი;
შეკრების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი: კახა წიქარიშვილი;
შეკრების თაობაზე გაფრთხილების შემოტანის თარიღი: 2025 წლის 17 დეკემბერი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითება:
„2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გასამართი შეკრების მონაწილეებმა შეკრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №8-ში მდებარე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება," - წერია შსს-ს ინფორმაციაში.