თამთა ჩაჩანიძე
25.12.2025

ვაშინგტონიდან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ვადები რამდენჯერმე დასახელდა - ჯერ კიდევ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევამდე საუბრობდა, რომ კონფლიქტს 24 საათში მოაგვარებდა, თუმცა საკითხი დღემდე ღიად რჩება. ახლა ტრამპი ამბობს, რომ თითქმის ერთ წელში „რვა ომი დაასრულა და ერთიღა დარჩა". აშშ-შს ელჩი ნატოში მეთიუ უიტაკერი ომის 90 დღეში მოგვარების შესაძლებლობას განიხილავს.

„თუ ამას მივაღწევთ, მაშინ ეს მომდევნო 90 დღის განმავლობაში მოხდება. ვფიქრობ, საკამათო საკითხების უმეტესობა მოვაგვარეთ. ვფიქრობ, ახლა ახლოს ვართ ისე, როგორც არასდროს. თუმცა არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა გადაწყდეს, რათა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ", - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპს სწორი მიდგომა აქვს, რადგან მას ხოცვა-ჟლეტის დასრულება სურს.

„ეს უაზრობა უკვე ოთხი წელია გრძელდება. სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებას ვერავინ ახერხებს. ხოცვა-ჟლეტა და ნგრევა უნდა დასრულდეს."

ანალიტიკოს პეტრე მამრაძეს „რეზონანსთან" ეეჭვება, რომ ამ ვადაში დასრულდეს კონფლიქტი. თუმცა თუ ეს მოხდა, ამას მსოფლიო წესრიგზე დიდი გავლენა ექნება.

„შეუძლებელია დღეს რომელიმე ექსპერტმა, თუნდაც უშუალოდ ტრამპთან მუშაობდეს, ან ზელენსკისთან, ეს ასპროცენტიანად თქვას. მათ შორის მეც მეეჭვება, რომ ეს მოხდეს. ზელენსკიმ ბოლოს 20 პუნქტი წარმოადგინა, რაზედაც უკრაინა ხელს აწერს. აპრიორი ცხადია, რომ ეს პუტინისთვის და კრემლისთვის სრულიად მიუღებელია. 28-პუნქტიანი გეგმა უკრაინისთვის მიუღებელი იყო და რაც მთავარია, დიდი სკანდალი გამოიწვია იმან, როცა უკრაინულმა მხარემ თქვა, ყველაფერზე ხელს მოვაწერთ, ოღონდ ამნისტია გამოგვიცხადეთ კორუფციის გამოო - ეს თქვა (თავდაცვის მინისტრმა) უმეროვმა. ამ სკანდალის შემდეგ, ზელენსკი ბევრჯერ შეხვდა ევროპის ლიდერებს, 20-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა და განაცხადა, რომ ამაზე ხელს ვაწერთო.

„თუმცაღა ეს გეგმა ისეთია, დარწმუნებული ვარ, პუტინი ხელს არ მოაწერს. მაშ რა ხდება? ძნელი სათქმელია კონფლიქტი რამდენ ხანს და როგორ გასტანს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა ბოლო დღეებში უკრაინის დაბომბვა გამალებით დაიწყო. ეტყობა შემთხვევითი არაა, რომ ახლა გარდატეხის შეტანა უნდათ.

„მეორე საკითხია ძალიან მნიშვნელოვანი - საუბარი, რომ, აი, პუტინი არ აწერს ხელს გეგმას და ზელენსკიმ რა ქნასო? ზელენსკის ძალიანაც რომ უნდოდეს, პუტინს რაც უნდა იმაზე მოაწეროს ხელი, ამას ვერ გააკეთებს, რადგან იმ დღესვე დაასრულებს ყოფნას პრეზიდენტის სკამზე და ელის ციხე, რადგან ამას ღალატად ჩაუთვლიან ის ძალები, ვინც ახლა გენერალიტეტშია, ვინც ფრონტზე იბრძვის და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია - ასე რომ, ჩიხია.

„რაც შეეხება ამერიკელი ელჩი ნათქვამს, შესაძლებელი ბევრი რამაა, მაგრამ ფაქტია, სანამ ტრამპს აირჩევნდნენ, ამბობდა, რომ ინაუგურაციას არც კი დაველოდები, ისე დავასრულებ უკრაინაში ომსო. მალე წელიწადი შესრულდება და რა ხდება?"

კითხვაზე, რამდენად უნდა ველოდოთ 2026 წლის განმავლობაში ომის დასრულებას, მამრაძემ გვითხრა:

„ამ დარგის მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, მათ შორის ჯონ მერშაიმერი და სხვები ამბობენ, რომ მაგალითია, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში, როდესაც აზერბაიჯანმა ტოტალურად გაიმარჯვა, ამის შემდეგ უკვე დროებითი ზავი შედგა, ცეცხლის შეწყვეტა და ა.შ. აქაც იგივეზეა საუბარი, რომ ბრძოლის ყველაფერს ველი გადაწყვეტს. რესურსების დათვლით ბევრს მიაჩნია, რომ 2026 წელი ასე თუ ისე გადამწყვეტი იქნება.

„მსოფლიო წესრიგის თვალსაზრისით ამ ომის დასრულებას და მის შედეგებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ლაპარაკია იმაზე, რომ ერთის მხრივ რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას, მეორეს მხრივ რასაც ახლა აშშ აკეთებს, მათ შორის ვენესუელასა და გრენლანდიასთან დაკავშირებით, ესაა ყველაფრის იმის უგულებელყოფა, რაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა - ვგულისხმობ საერთაშორისო სამართალსა და მსოფლიო წესრიგს, გაეროს დებულებას, ეუთოს პრინციპებსა და ხელშეკრულებებს. ანუ მსოფლიო შედის იმ ფაზაში, რომ ძლიერი აკეთებს იმას, რაც უნდა. ადრე ასე არ იყო. საინტერესოა ის, რომ ჩინეთი ამ ფონზე აცხადებს, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით უნდა იყოს დარეგულირებული კონლფიქტიო.

  • „ახლა ისეთი ქაოსის ფაზაში შევდივართ, გარკვეული დროის განმავლობაში მსოფლიო წესრიგი ვერ იარსებებს, იქნება მსოფლიო ქაოსი, სადაც მხოლოდ ძლიერი გადაწყვეტს იმას, რასაც მოისურვებს. თუ რუსეთში გადატრიალება მოხდა და უკრაინამ ტერიტორია შეინარჩუნა, სხვა სიტუაცია იქნება, ცხადია, მაგრამ ამის წინაპირობა ჯერ არ ჩანს".

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ელჩის განცხადება ტრამპისეულ სტილშია და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სამ თვეში ომი დასრულდეს.

„გასაგებია, რომ (ელჩი) ტრამპის წარმომადგენელია და პრეზიდენტის პოზიციას გამოხატავს. ალბათ ფიქრობს, რომ დაზავება იქნება, თორემ ომი არ დასრულდება, თუმცაღა პირადად მე დაზავებასაც გამოვრიცხავ. უკრაინამ სხვა ვარიანტი შესთავაზა, რუსებს სხვა აქვთ და ეს ორი თავსებადი არაა. ეჭვი მეპარება, რომ ომი ამ პერიოდში დასრულდეს.

„მსოფლიო წესრიგი ჩამოყალიბების პროცესშია, გამოიკვეთა ევროკავშირის როლი, როგორც მნიშვნელოვანი გავლენის ცენტრი, შესაძლოა სამპოლუსიანი სამყარო ოთხპოლუსიანში გადავიდეს. საერთაშორისო წესრიგის ინდიკატორები ცოტა სხვა პარადიგმებით და კრიტერიუნებით განისაზღვრება და არაა დამოკიდებული უკრაინის ომის რომელიმე მხარის გამარჯვება-წაგებაზე, მაგრამ ის, რომ გავლენა იქონია, კი ბატონო, დე ფაქტოდ მსოფლიო ოთხპოლუსიანი გახდა.

  • „რაც შეეხება საქართველოს, თუ რუსეთ-უკრაინის ომი დაზავებით დასრულდა, შეიძლება რუსეთმა უკვე ზეწოლა გააძლიეროს სამხრეთ კავკასიის მიმართულებით.

„სამხრეთ კავკასიაში რუსეთი თავის პოზიციებს კარგავს აზერბაიჯანსა და სომხეთში, თუ დაზავება მოხდა, შესაძლოა ჩვენს რეგიონში ძალები გადმოისროლოს და ჩვენზე გაზარდოს ზეგავლენა", - განაცხადა მაისაიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×