
თავდაცვის ექსმინისტრი ბაჩო ახალაია დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, ის 4 ოქტომბრის მოვლენებს ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და იყო მთავარი ორგანიზატორი. შესაბამისი სამსახურების გამოძიების თანახმად, საქმეში ფიგურირებს ახალაიას მეუღლეც. როგორც სპეციალურად გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, ცოლ-ქმარს ხერბორკილები ერთდროულად დაადეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.
სუს-ში ჩანიშნულ სპეციალურ ბრიფინგამდე სამართალდამცავები ბაჩო ახალაიას სახლში იმყოფებოდნენ. 25 დეკემბრის ღამით, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიცია იყო მობილიზებული.
სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის ლაშა მაღრაძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება ანი ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ. გამოძიება არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს „იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში". მაღრაძის თქმით, ანა ნადარეიშვილის მიმართ ეს გადაწყვეტილება მიღებულია „იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე. ჰქონდა საშუალება ეპასუხა, მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან თუ ამაში ჩართული იყო ანა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა".
ახალაია 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სახით და ხმის ნიმუშის აღების მიზნით 10 ოქტომბერს გამოიკითხა. ეს უკავშირდებოდა გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს, სადაც თითქოსდა პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას საუბარი იყო ასახული.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება 4 ოქტომბრის ცნობილი დანაშაულებრივი მოვლენების პარალელურად დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის ფაქტს, რომელშიც იმხილება ბრალდებული ბექა ჭულუხაძე, ხოლო გამოძიება მუშაობს, როგორც ამ ფაქტის კავშირზე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმესთან, ასევე, დანაშაულში ბაჩანა ახალაიას, ლაშა შერგელაშვილის და სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე.
„საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ჩვენ შევძელით უტყუარობის მაღალი სტანდარტით, წუთებისა და წამების სიზუსტით, ინტერნეტ ტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით დაგვედგინა ორ პირს შორის, მობილური ტელეფონების ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით შემდგარი, სატელეფონო ინტერნეტკავშირი.
- „მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის სპეციალისტების მიერ დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს, აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია".
სუს-ში აცხადებენ, რომ ახალაია მოვლენებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან - მურთაზ ზოდელავასთან, პაატა ბურჭულაძესთან, პაატა მანჯგალაძესთან, ლაშა ბერიძესთან და ირაკლი ნადირაძესთან.
„საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, დეტალურად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების, აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, მათი ინტერნეტაპლიკაციებსა და ანნა ნადარეიშვილის აიპი (ამ შემთხვევაში ე.წ. „ვაიფაის") მისამართებს შორის, რომელიც მის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, 2025 წლის 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით, კერძოდ, ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. ამასთან, ხსენებული პირების მიერ, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მასშტაბის დანაშაულის ორგანიზების პარალელურად, მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას მეუღლის ანნა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართს შორის ინტერნეტკონტაქტი უშუალოდ 4 ოქტომბერს, დღის განმავლობაში შედგა რამდენიმეჯერ",- განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
სუს-ის ცნობით, საქმეში კიდევ ერთი პირი ფიგურირებს, ზვიად გაგუა, რომელიც ახალაიების ოჯახის ახლობელია და მათთან ცხოვრობს.
„მას შემდეგ, რაც სხვადასხვა წყაროებიდან დაიწყო ჩანაწერის გავრცელება, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავდა ბაჩანა ახალიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის შემდგარ საუბარს ხელისუფლების დამხობის თაობაზე, შეიცვალა მურთაზ ზოდელავასთან კომუნიკაციის ფორმა, რის შემდეგაც აქტიური ინტერნეტკავშირი ფიქსირდება მასსა და მოქალაქე ზვიად გაგუას მობილური ტელეფონის ინტერნეტაპლიკაციებს შორის".