
არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს.
როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი მისი კონსილიუმის მიერ გამოქვეყნებული არც ერთი შეფასება დღემდე არც ერთ პროფესიონალს არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ.
ამასთან, ლომჯარიას თქმით, მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების, ყველა ევროპული თუ არაევროპული დონორის მიერ მიღებული თანხის ჯამი, მათ შორის სადამკვირვებლო მისიის დაფინანსებისთვის მიღებული თანხების ჯამი, 2023 წლიდან დღემდე, ერთ მილიონ ლარსაც კი არ აღწევს.
„ამ ადამიანს, შალვა პაპუაშვილს ჩვენი ჯიბიდან თვეში 14 000 ლარს ვუხდით, რათა თანამდებობის პირების საქმიანობას გაუწიოს ზედამხედველობა. აღმოჩნდა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, სუს-ის უფროსით დამთავრებული – ყველა ზღვარდასულ კორუფციაში და არალეგალურ, კრიმინალურ აქტივობებში იყვნენ ჩართულნი და ეს ბატონ პაპუაშვილს „გამოეპარა“. სანაცვლოდ, ის დაკავებულია ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ შეგნებულად ყალბი ინფორმაციის გავრცელებით. ყველა წინადადება მის მიერ გავრცელებულ ამ განცხადებაში ჩემ მიმართ არის შეგნებული ტყუილი და დეზინფორმაცია.
პირველ რიგში: სახალხო დამცველის და მისი კონსილიუმის მიერ გამოქვეყნებული არც ერთი შეფასება დღემდე არც ერთ პროფესიონალს არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. ყველა დასკვნა საჯაროდ დევს და წარმოადგინონ მტკიცებულება, რა იყო „გაყალბებული“; სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას დაეყრდნო სტრასბურგის სასამართლოც კი სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის დროებითი ღონისძიების გამოცემის დროს; რაც შეეხება ჩემ მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებას, მისი დაარსების დღიდან ბრიუსელისგან არათუ „მილიონობით ლარი აქვს მიღებული უკანონოდ“, არამედ, 2023 წლიდან დღემდე ჯამში, ყველა ევროპული თუ არაევროპული დონორის მიერ მიღებული თანხის ჯამი (ევროკავშირის, გაეროს, აშშ-ს და ა.შ.), მათ შორის სადამკვირვებლო მისიის დაფინანსებისთვის მიღებული თანხების ჯამი ერთ მილიონ ლარსაც კი არ აღწევს;
უკანონოდ მიღებული შემოსავლები თქვენკენ მოიკითხეთ, ბატონო შალვა, თქვენ გუნდში და თქვენ პოლიტიკურ გარემოცვაში. მიუხედავად აღნიშნულისა, არ ვაპირებ შალვა პაპუაშვილს ცილისწამებისთვის ვუჩივლო, რადგან ეს მაღალანაზღაურებად ტროლად ქცეული ადამიანი მე ვერც რეპუტაციულ და ვერც მორალურ ზიანს ვერ მომაყენებს“, – წერს ნინო ლომჯარია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „სახალხო დამცველობისას, ნინო ლომჯარიამ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყალბი დასკვნა შეადგინა, რომელიც საბაბად აიღო ბრიუსელმა, როდესაც ევროკავშირის ელჩი დემარშით გააგზავნა იუსტიციის მინისტრთან და სააკაშვილის მათთვის გადაცემა მოითხოვა“. პაპუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ნინო ლომჯარიამ შექმნა „ენჯეო“, რომელმაც ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო.