
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. შესაბამისი განცხადება გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.
პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბრის თვეში, ლილუაშვილმა თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი.
2022 წლის თებერვლის თვეში კი რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.
გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.