ქეთო გოგოხია
22.12.2025

2025 საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის სტაბილური იყო. გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში ბენზინსა და დიზელზე მოთხოვნამ მოიმატა, რაც ავტოპარკის ზრდას, ტრანზიტული ტრანსპორტისა და გადაზიდვების აღმავალ ტრენდს უკავშირდება. 2025 წელი სექტორმა დადებითი ტენდენციით დაასრულა.

,,ბიზნეს-რეზონანსის"  კითხვებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა უპასუხა და ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ვითარდებოდა ნავთობპროდუქტების ბიზნესში.

,,ბიზნეს-რეზონანსი": როგორი შედეგით დასრულდა 2025 წელი, რამდენად გაიზარდა მოთხოვნა და კონკრეტულად რა ფაქტორებმა შეუწყო ამ პროცესს ხელი?

ვახტანგ იობაშვილი: საკმაოდ რთული წელი იყო, თუმცა უნდა ითქვას, რომ პრობლემა იმ  მასშტაბით არ შეგვხებია, როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს.  სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, სტაბილურობა გვქონდა. შესაბამისად, მოხმარება და იმპორტიც გაზრდილია.

მატებაზე გავლენა იქონია იმანაც, რომ მეტი სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს ქვეყანაში, ტრანზიტული ტრანსპორტის რაოდენობა და ასევე გადაზიდვებიც გაზრდილია, რაც მისასალმებელია. ქვეყანაში ეკონომიკა აღმავალი ტრენდით ხასიათდება, იზრდება მშენებლობის მასშტაბი, ინდუსტრიული საქმიანობა და ამის მიხედვით მატულობს მოთხოვნაც. მართალია, გაზრდილია ავტომობილების იმპორტიც, მაგრამ მთავარი წარმოებაა, ტრანზიტი და სხვა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა აღმავლობის გზაზეა და ნავთობპროდუქტების ბაზარს ეს ყველაზე მკაფიოდ ეტყობა. 

,,ბ-რ": რა მდგომარეობაა ფასის კუთხით, რა გავლენა მოახდინა ამ მხრივ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, რა ასახვა ჰპოვა მან ბაზარზე, განსაკუთრებით იმ გარემოებამ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტობრივად დასრულების ფაზაზეა. რამდენად იგრძნობა ამ ფაქტორის გავლენა ბიზნესში? 

ვ.ი: ,,ყველაფერი ისე წავიდა ერთმანეთთან, რომ უფრო სტაბილური გახდა ბაზარი. გლობალური მდგომარეობა უმჯობესდება და პროცესს ამანაც შეუწყო ხელი. ვნახოთ, რა იქნება მომავალ წელს. ვისურვებდი კიდევ უფრო სტაბილურ, რეგულირებად ბაზარს და მშვიდობიან გარემოს ბიზნესისა და მომხარებლებისთვის. მთლიანობაში, უკეთესობაა ყველა მიმართულებით, ბევრად დალაგებულია სიტუაცია არა მხოლოდ მოწოდების, ფასების კუთხითაც, რაც მშვიდობის დამყარების პერსპექტივას მოაქვს. მნიშვნელოვანია სტაბილური მოწოდება, რასაც არასდროს პრობლემა არ შექმნია. ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა ამაში მნიშვნელოვნად გვიწყობს ხელს. სამომავლოდ ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც ამოქმედდება და მეტი არჩევანი, მეტი სტაბილურობა გაჩნდებაა.

,,ბ-რ": როგორია რუსეთის ფაქტორი, რამდენადაც ცნობილია, ამ კონკრეტულ ქვეყანაზე დამოკიდებულება შემცირდა და ბაზარი უფრო დივერსიფიცირებულია. რომელი სახელმწიფოებია დღეს ნავთობპროდუქტების მომწოდებლები საქართველოსთვის?

ვ.ი: ყველა ჩვენგანმა ვიცით, როგორი დამოკიდებულება აქვს რუსეთს ყველასთან, მათ შორის, საქართველოსთან. საკმაოდ ოპერატიულად მუშაობენ ჩვენი კომპანიები - ბრენდირებულები და არაბრენდირებულებიც, რომლებიც ქმნიან ამინდს ქართულ ბაზარზე. სწორედ მათი გამართული მუშაობის შედეგია, რომ 2025 წელს დეფიციტის ერთი ფაქტიც არ გვქონია, ამისთვის ჩვენს კომპანიებს საკმაოდ მყარი კავშირი აქვთ სანავთობო ქვეყნებთან, რასაც საფრთხე არ ემუქრება და ამ მხრივ ქართული ბაზრის სტაბილურობა მთელი წლის განმავლობაში  გარანტირებული იყო. 

ყველა ატყობს, რომ ბევრი მომწოდებელი შემოდის საქართველოს ბაზარზე. ვიმედოვნებ, გარშემო პოლიტიკური სიტუაციაც კიდევ უფრო სახარბიელო გახდება, რაც დივერსიფიკაციისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოში ბენზინის დიდი წილი ისეთი ევროპული სახელმწიფოებიდან შემოდის, როგორებიცაა - ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბელარუსი. დიზელის ძირითადი მომწოდებელი კი რუსეთი და აზერბაიჯანია. 

,,ბ-რ": აზერბაიჯანიდან "ევრო 5"-ის სტანდარტთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ხომ არ არის?

ვ.ი: აზერბაიჯანიდან ბენზინის საწვავთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა მოლოდინია, რომ მალე დაიძვრება საკითხი. რკინიგზის გადალაგების კუთხით აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რაც საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის კარგია. უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანი საიმედო ბაზარია, სადაც საწარმოო გადაიარაღების პროცესი მიმდინარეობდა, რაც ევრო 5-ის სტანდარტის დაწესებას უკავშირდება. ვიმედოვნებ, აზერბაიჯანიდან მოწოდება განახლდება, ვგულისხმობ ბენზინის საწვავს, დიზელი ამ ქვეყნიდან დღესაც აქტიურად შემოდის, რაც ფასთა რეგულირებაში ძალიან გვიწყობს ხელს. 

,,ბ-რ": როცა საუბარია 2025 წლის ტენდენციებზე, რა იყო გამოწვევა, რამდენად უკავშირდება იგი ხარისხის ან თუნდაც კონტრაბანდის საკითხს, რაზეც ძალიან ხშირად აკეთებდით განცხადებას...

ვ.ი: სამწუხაროდ, კვლავაც გამოწვევაა კონტრაბანდა, ეს აზარალებს ეკონომიკას და მეტი ყურადღებაა საჭირო ამ მხრივ. რაც შეეხება ხარისხის საკითხს, ესეც მასშტაბური პრობლემაა. მნიშვნელოვანია შეიქმნას ეფექტური კონტროლის სისტემა ქვეყნის შიგნით. უნდა დაიწყოს კონტროლი ქვეყნის საზღვრიდან და უნდა განხორციელდეს მუდმივი სისტემური კონტროლი როგორც საცალო ქსელში, ისე ბაზებზე, ავტოგასამართ სადგურებზე. ეს უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მოცვა აუცილებელია. დიდი მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ეკოლოგიის დეპარტამენტს, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს. ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ამავე დროს, რაც შეიძლება მეტი კონტროლია საჭირო. 

ფაქტი სახეზეა, ერთჯერადი დაჯარიმება საკმარისი არ არის, თუ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის დახმარება საჭირო იქნება, დავეხმარებით, რომ კონტროლი უფრო ინტენსიური გახადონ, რითაც საჭირო იქნება, ჩვენს წვლილს შევიტანთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონალურადაც გაიშალოს კონტროლი. ვიმედოვნებ, რომ მომავალი წლიდან ამ მიმართულებით მუშაობა გააქტიურდება.

დაბოლოს, როგორც არასდროს, გვჭირდება მშვიდობა, ამიტომ მინდა გისურვოთ, რომ მომავალი 2026 წელი საქართველოსთვის, ნავთობკომპანიებისა და ქართველი მომხმარებლებისთვის იყოს უფრო ნაყოფიერი, მშვიდობისა და სტაბილურობის მომტანი წელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×