
თბილისის განვითარების ფონდი, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქ. I შესახვევის N6-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს.
ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია რვა სართულისა და ლიფტის გადახურვა, ეწყობა შახტები, ხუთ სართულზე მიმდინარეობს შიდა ტიხრებისა და ბლოკის მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„გამრეკელის ქუჩაზე ჩანაცვლების პროექტი მიმდინარეობს. ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლებას ახალი, თანამედროვე ქართული არქიტექტურით და გარემონტებული ბინების გადაცემას. დედაქალაქში ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რაც უდიდეს პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენს. აქ, გამრეკელის ქუჩაზე იყო ოთხსართულიანი ავარიული შენობა, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და მის ადგილას შენდება რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მოსახლეობა დროებით ქირით გვყავს გაყვანილი. სამუშაოები მომავალი წლის სექტემბერში დასრულებული იქნება და იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არსებულ ავარიულ კორპუსში, მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, გადაეცემათ ყოველმხრივ მოწესრიგებული, გარემონტებული ბინები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნულ მისამართზე არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. პროექტის შედეგად, გარემონტებული ბინები 18 ოჯახს გადაეცემა.
სამშენებლო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 6 470 558 ლარია, შპს „ბქ ქონსთრაქშენი“ ასრულებს. მშენებლობა 2026 წლისთვის დასრულდება.
პროექტის მიზანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ქალაქის განაშენიანების გაუმჯობესება და სივრცითი განვითარების ხელშეწყობა.
ადგილზე, კახა კალაძესთან ერთად, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე და საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.