მარიამ ვეკუა
21.12.2025

მაიამიში გამართული რუსეთ-აშშ-ის დახურული მოლაპარაკებების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. დიპლომატიური დიალოგის ფონზე კი ფრონტზე ცეცხლი არ წყდება. რუსული მხარე აცხადებს რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს, აშშ-ში პროგრესით კმაყოფილი არიან, კიევისთვის მთავარ თემად ისევ ტერიტორიული საკითხი რჩება, ევროპამ კი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის განახლება გადაწყვიტა.

შაბათს მაიამიში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

დმიტრიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შესაძლოა, ისიც შეუერთდნენ მაიამიში მიმდინარე კონსულტაციებს. მისივე ცნობით, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასავლელი.

„იმედი მაქვს, რომ შეთანხმება ამ თვეში, წლის ბოლომდე მოხდება", - განაცხადა რუბიომ.

ტრამპის წარმომადგენლები კვირების განმავლობაში მოლაპარაკებებს 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე უკრაინელ, რუს და ევროპელ ოფიციალურ პირებთან აწარმოებდნენ.

აშშ-ის ოფიციალური პირების ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, რომ მათ პროგრესს მიაღწიეს, კვლავ რჩება უთანხმოებები ტერიტორიისა და შესაძლო უსაფრთხოების გარანტიების საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც, კიევის თქმით, ნებისმიერი შეთანხმებისთვის აუცილებელია.

უკრაინის პოზიცია უცვლელია

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს მხარს უჭერს, თუმცა დიპლომატიას თან უნდა ახლდეს უფრო დიდი ზეწოლაც რუსეთზე.

„ყველაზე რთული საკითხები იყო და რჩება. ესაა უკრაინის ტერიტორიაა, შემდეგ - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მესამე საკითხი - ფული აღდგენისთვის. არის კიდევ რამდენიმე ტექნიკური საკითხი უსაფრთხოების გარანტიებზე, მონიტორინგის ფორმატზე და ა.შ., თუ ჩვენ 20-პუნქტიან გეგმაზე ვსაუბრობთ. აქ საკითხი გადაკვეთის წერტილებში არაა, არამედ იმაში, რომ დღეისთვის, სწორედ ამ მომენტში, ამ დროისთვის, ჩვენი ხედვა გადავეცით ამერიკის შეერთებულ შტატებს. ისინი რუსეთთან ისაუბრებენ და პასუხს ველით...

  •  ვოლოდიმირ ზელენსკი: „ყველაზე რთული საკითხები იყო და რჩება. ესაა უკრაინის ტერიტორიაა, შემდეგ - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მესამე საკითხი - ფული აღდგენისთვის.
„რაც შეეხება სხვა დოკუმენტებს - კეთილდღეობაზე, ანუ აღდგენაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე - ასევე გადავეცით ჩვენი ხედვა და აშშ-მა გვითხრა რისთვის არიან მზად. ახლა იქნება ჩვენი ჯგუფის საუბარი ამერიკულ მხარესთან ფლორიდაში", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე ცნობით, ვაშინგტონმა კიევს რუსეთთან მოლაპარაკებების ახალი ფორმატიც შესთავაზა, რომელიც სამმხრივი მოლაპარაკებებს გულისხმობს. თუმცა ზელენსკი ასეთი ტიპის მოლაპარაკებების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და ამბობს, რომ ეეჭვება ამან „რამე ახალი" გამოიწვიოს. მაგრამ თქვა, რომ ის მხარს დაუჭერს სამმხრივ დისკუსიებს, თუ ეს პროგრესული იქნება ისეთ საკითხებში, როგორიცაა პატიმრების გაცვლა.

„თუ ასეთი შეხვედრის ჩატარება ახლავე იქნება შესაძლებელი სამხედრო ტყვეების გაცვლის მიზნით, ან თუ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრა ლიდერების შეხვედრაზე შეთანხმებას მიაღწევს, მე წინააღმდეგი არ ვარ. ჩვენ მხარს დავუჭერთ აშშ-ის ასეთ წინადადებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - თქვა მან.

შეგახსენებთ, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა ბოლოს ოფიციალური პირდაპირი მოლაპარაკებები ივლისში, სტამბოლში გამართეს, რასაც მალევე პატიმრების გაცვლაც მოჰყვა.

ევროპის ახალი მიდგომა

19 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს.

„მიმდინარე მოლაპარაკებებში ან მიღწეული იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, ან ვიპოვით გზებს, რათა ევროპელებმა ხელახლა დაიწყონ დიალოგი რუსეთთან - გამჭვირვალობისა და უკრაინასთან თანამშრომლობის გზით. ვლადიმერ პუტინთან საუბარი კვლავ სასარგებლო იქნება", - აღნიშნა მაკრონმა.

კვირას კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მან (მაკრონმა) თქვა, რომ პუტინთან საუბრისთვის მზად არის. მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის, თუ რა თქვა პრეზიდენტმა პირდაპირი ხაზის დროს. მაკრონთან დიალოგის მზადყოფნა მანაც გამოთქვა. ასე რომ, თუ პოლიტიკური ნება ორმხრივად არსებობს, მაშინ ამის მხოლოდ დადებითად შეფასება შეიძლება", - განაცხადა პესკოვმა.

ამასობაში კი უკრაინის შავიზღვისპირა ქალაქ ოდესაში, პორტის ინფრასტრუქტურაზე ღამით განხორციელებული რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, ხოლო 30 ადამიანი დაიჭრა.

მედიის ცნობით, უკრაინის სანაპირო ზოლზე რუსეთის თავდასხმებმა ბოლო კვირების განმავლობაში ქაოსი გამოიწვია, დაზიანდა ხიდები და ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×