
დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადა საბოტაჟის მსხვერპლი გახდა „დიპ სთეითის“, მხოლოდ სახელით რესპუბლიკელების (RINO-ების) და კოვიდის ვირუსის მხრიდან, სადაც გლობალისტი ტექნოკრატების გავლენა აშკარად იგრძნობოდა, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, საკუთარ პოდკასტში.
მისი თქმით, ამჟამად ბრიტანეთს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც სძულს საკუთარი ქვეყანა და ცდილობს ევროკავშირში დაბრუნებას, სადაც ბიუროკრატებს ბრიტანეთი ფულს გადაუხდის, ისინი კი უკარნახებენ, როგორ იცხოვრონ. თუმცა, ლიზ ტრასი იმასაც აღნიშნავს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია კიდევ უფრო მოუქნელი და ინერტულია, ვიდრე ბრიტანეთის, შესაბამისად, ეს პროცესი უახლოეს მომავალში, ნაკლებ სავარაუდოა, რომ განხორციელდეს.
„ბრიტანეთში კი „ბრექსიტი“ ჩაიძირა ბრიტანული ბიუროკრატიისა და დავოსის ელიტასთან დაახლოებული წრეების ერთობლივი მოქმედებების გამო. „კონსერვატიული“ პარტია, რომლის მრავალი წევრიც რეალურად კონსერვატორი არ იყო, წლების განმავლობაში შიდა დაპირისპირებაში იყო ჩაფლული. შედეგად მივიღეთ ნახევრად დასრულებული „ბრექსიტი“, და ჩრდილოეთ ირლანდია გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. არ განხორციელდა არც ის ხედვა, რომელიც გულისხმობდა ბრიუსელის აბსურდული რეგულაციების გაუქმებას, როგორიცაა სამუშაო დროის დირექტივა ან არარსებული ღამურებისა და ტრიტონების „დაცული ზონები“. ჩვენ დავრჩით ევროპის წარუმატებელი რეგულაციური ორბიტის გავლენის ქვეშ. ეს ჰგავს განქორწინებას, როცა ოფიციალურად დაშორდი, მაგრამ მაინც იმავე სახლში ცხოვრობ, ყოფილ მეუღლესთან. დღეს ბრიტანეთს ჰყავს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, რომელსაც სძულს ბრიტანეთი, უყვარს ევროკავშირი და სასოწარკვეთილად ცდილობს დაბრუნდეს ამ შეურაცხმყოფელ ურთიერთობაში, სადაც ჩვენ მათ ფულს ვაძლევთ და ისინი გვიკარნახებენ, როგორ ვიცხოვროთ. საბედნიეროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია კიდევ უფრო მოუქნელი და ინერტულია, ვიდრე ბრიტანული ბიუროკრატია, ამიტომ ეს პროცესი უახლოეს მომავალში, დიდი ალბათობით, ვერ განხორციელდება“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე პატრიოტი ლიდერის გამოკლებით, ევროპას მართავს დავოსის ისტებლიშმენტი, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს ქვეყნების ეკონომიკებს და საზოგადოებებს.
„ევროპის უმეტეს ნაწილს მართავს დავოსის მმართველი კლასი, რომელიც მიზანმიმართულად ანადგურებს საკუთარ ეკონომიკებსა და საზოგადოებებს ეკოლოგიური სათნოების, მასობრივი მიგრაციის იდეებით და ისლამისტებისთვის პატივის მიგებით. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ რამდენიმე პატრიოტი ლიდერები, როგორებიცაა ჯორჯია მელონი და ვიქტორ ორბანი, მაშინ როცა ხელისუფლებაში არიან წარუმატებელი ცენტრისტი ტექნოკრატები: სტარმერი და მაკრონი. ეს ლიდერები უკიდურესად არაპოპულარულნი არიან საკუთარი მოსახლეობის თვალში, თუმცა მათ კავშირები აქვთ ბიუროკრატიასა და მთავარ მედია საშუალებებთან, რომლებიც უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობენ“, - დასძინა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.