თამთა ჩაჩანიძე
20.12.2025

მომღერალი „უცნობი" მთავრობას და საპატრიარქოს მიმართავს, რომ პროევროპულ აცქიებზე დაკავებულები გაათავისუფლოს და ფაქტიურად თავდებშიც კი უდგება მათ. ამას დროში დაემთხვა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაც, რომ მას „გამოკეტილ ახალგაზრდებზე გული სტკივა". ეს ყველაფერი კი ანალიტიკოსებს აფიქრებინებთ, რომ შესაძლოა „ქართული ოცნება" წინასაახალწლოდ აქციებზე დაკავებულების ამნისტიას გეგმავს.

გია გაჩეჩილაძემ ეს თხოვნა საკუთარ გადაცემაში საკმაოდ ემოციურად გააჟღერა. იგი კონკრეტულად ახსენებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც „ამ შეტევაში მონაწილეობდნენ და არა პოლიტიკოსებს". მისი თქმით, იქნებ „სიკეთე მაინც დაინახონ" და თუ „თავიანთ შეცდომას არ აღიარებენ, რაღაცნაირად სიკეთით ვუპასუხოთ".

„მე ვიქნები პასუხისმგებელი პირადად იმისი, რომ თუ ამ ადამიანებმა ისევ იგივე დანაშაული ჩაიდინეს, რაც ჩაიდინეს და თუ ჩაიდინეს კიდევ, მე აბსოლუტურად ყველანაირად მზად ვარ, რომ ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ვიკისრო და გააკეთონ მაშინ ის, რომ მეც დამაყენონ დარტყმის ქვეშ და თავიანთი თავებიც დაიყენონ კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, მაგათ მეორედ უკვე აღარავინ აპატიებს", - ამბობს „უცნობი".

რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილის მინიშნებას, მისი თქმით, ახალგაზრდები ევრობიუროკრატიამ გამოკეტა ციოხეში და ამაზე გული სტკივა.

„როგორც ქართველს, გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ. ჩვენ არ გვყავს ის ადამიანები გამოკეტილი ციხეში, ამ ადამიანებს ჰყავთ გამოკეტილი. ერთმა არ გაბედოს და არ გაიაზროს, რა შეცდომაში იყო შესული, იმდენად ჰყავთ იზოლირებული", - განაცხადა ყაველაშვილმა.

რისთვის ამზადებს ნიადაგს „ოცნება"

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსს" ეუბნება, რომ შესაძლოა მმართველი პარტია აქციებზე დაკავებულების წინასაახალწლო შეწყალებას მართლაც გეგმავდეს.

„გია გაჩეჩილაძე ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირად მოიაზრება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ბატონი გია გაჩეჩილაძის ურთიერთობები ხელისუფლებასთან, ალბათ მზადდება ნიადაგი საზოგადოებრივი აზრის შესამზადებლად, რომ ეს ახალგზარდები პრეზიდენტმა შეიწყალოს. თუმცა იმისთვის, რომ შეიწყალონ, ალბათ საკუთარი დანაშაული უნდა აღიარონ, რამდენადაც ვიცი ასეა.

„რა ინფორმაციაც მაქვს (დაპატიმრებულთა გამონათქვამებს ვეყრდნობი), ისინი არ აპირებენ პრეზიდენტის შეწყალების მიღებას. ასე ციხიდან თუ თავისუფლდებიან, როგორც უკანონოდ დაპატიმრებულები, ეს ფაქტიურად ხელისუფლებაზე ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და მორალურ დარტყმას ნიშნავს. გამოდის, რომ ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანები ტყუილად დააპატიმრა. მიიღებს ამას თვითონ „ქართული ოცნების" ამომრჩეველი და მთლიანად საზოგადოება? ეს შეიძლება ევროკავშირში მოეწონოთ და ხელისუფლების მხრიდან მათი ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულებად ჩათვალონ, მაგრამ რამდენად იქნება ეს საქართველოსა და კოლექტიურ დასავლეთის ურთიერთობებში შემობრუნების წერტილი, ახლა ამის თქმა რთულია.

„შესაძლოა ხელისუფლებაში მართლაც ფიქრობდნენ, რომ ამ ჟესტით ევროკავშირის გულს მოიგებდნენ და ამისთვის ნიადაგი მზადდებოდეს. შესაძლოა ევროკავშირში დადებითად აღიქვან, მაგრამ „ოცნების" ამომრჩევებში არცთუ ისე დადებითად", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

მან ისაუბრა განცხახების იმ ნაწილზეც, სადაც „უცნობი" ამბობს, რომ გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობას თავად იღებს.

  • „უცნობი" საზოგადოებისთვის ცნობადია, მაგრამ ძალიან ბევრს ხომ არ იღებს თავზე ასეთი განცხადებებით? კი, მაგრამ, ერთი წელიწადი სად იყო?

 

"ვარაუდი შეიძლება წარმოიშვას, რომ მისი პირით გააჟღერეს რაღაც გარკვეული პოზიცია, რომ შესაძლოა ციხიდან იქნენ გამოშვებულები. ერთადერთი ვარიანტი პრეზიდენტის შეწყალებაა. ეს შემოვლითი გზები და „უცნობის" ჩართვა არ ვიცი რამდენად იქნება „ოცნების" ამომრჩევლისთვის დამაჯერებელი არგუმენტი, ვფიქრობ ბევრი ამას ვერ გაიგებს.

„ან „უცნობს" როგორ შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს ამ ახალგაზრდებზე, ან ის ახალგაზრდები ამაზე თანახმა იქნებიან? რაღაც უცნაურ სიტუაციაში ვვარდებით, მაგრამ რაც ახლა ხდება, შეიძლება მიანიშნებდეს, რომ „ოცნება" ამ ნაბიჯის გადასადგმელად ემზადებოდეს. თარიღების დამთხვევაც გასაგებია, რომ ეს ხალხი ახალ წელს სახლში შეხვდნეს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს იქნება სიგნალი ევროკავშირისთვის 19 დეკემბრის ანგარიშის მერე, სადაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით დაემუქრნენ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×