რეზონანსი
20.12.2025

„ქართული ოცნების“ რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რათა ის ნორმები და სტანდარტები შეენარჩუნებინა, რაც უვიზო მიმოსვლას აუცილებლად სჭირდება, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისივე თქმით, პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„„ქართული ოცნების“ რეჟიმთან ,,არავითარი დიალოგი არ იქნება, ვიდრე ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი ნარჩუნდება. თუ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, ახალი თავისუფალი არჩევნები დაინიშნება და ამ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს შესაძლებლობა მიეცემა, შეიძლება ევროპა ქართულ სახელმწიფოსთან და ამ რეჟიმთან გარკვეულ საკითხებზე საუბრით დაინტერესდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არცერთ საკითხზე სიღრმისეული დიალოგი ამ პოლიტიკის პირობებში არ შედგება, ეს არის ევროპის გაცხადებული ნება.

რაც შეეხება რამდენიმე ევროპარლამენტარის კომენტარს, რომ ევროპას „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგისკენ მოუწოდებენ, ვიტყოდი ერთს, რომ „ქოცები“ არსებობენ ყველგან. „ქოცი“ მხოლოდ ქართველი არ არის, „ქოცები“ არსებობენ უნგრეთის ხელისუფლებაში და არაერთ სხვა სახელმწიფოში. მთავარია, „ქოცები“ არ მართავდნენ არაფერს და ევროპაში „ქოცები“ არაფერს არ მართავენ. ვნახეთ, რომ ევროკომისიის ანგარიშში უკვე ფორმალიზებულად თქმული, უვიზო რეჟიმის შეჩერება არის სრულიად რეალური რისკი. ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც დგას ჩვენი სახელმწიფოს წინაშე და ეს არის „ქართული ოცნების“ რეჟიმის პასუხისმგებლობა. ამ რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ის ნორმები და სტანდარტები შეენარჩუნებინა, რაც უვიზოს აუცილებლად სჭირდება. გააკეთა ყველაფერი, რომ ჩვენმა სახელმწიფომ დაკარგოს უვიზო რეჟიმი. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედ თვითაღიარებულ რეჟიმს ეკისრება“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ: „უკიდურეს შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა, დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×