თამთა ჩაჩანიძე
20.12.2025

ევროკომისია ისევ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბრობს და საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკის შეცვლას ელის. თუმცა, მათ ანგარიშში რაიმე თარიღები და ვადები დასახელებული არაა. ანალიტიკოსთა შეფასებით, მთავარი საიხლე ისაა, რომ თუკი ადრე ევროპელი პოლიტიკოსები ოფიციალურ განცხადებებში ამბობდნენ, რომ შეეცდებოდნენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით საქართველოს მთელი მოსახლეობა არ დაზარალებულიყო, ახლა ევროკომისიის ანგარიში ამას პირდაპირ უშვებენ.

ევროკომისიის ახალი ანგარიშშის თანახმად, საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი. პირველ ეტაპზე ეს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონეებს შეხოთ, მეორე ეტაპი კი მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება და ეს იქნება იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ამა წლის 30 დეკემბერს შედის ძალაში.

„ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი უვიზოს შეწყვეტის საფრთხეს იყენებს როგორც შანტაჟის მექანიზმს და საბოლოოდ ამ ნაბიჯზე არ წავა, რადგანაც, თუ ვიზალიბერალიზაცია შეაჩერა, მაშინ შანტაჟის ერთადერთ მექანიზმსაც დაკარგავს. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ თუ „ოცნება" პოლიტიკას არ შეცვლის, ევროკავშირი საბოლოოდ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეც წავა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, თუ „ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკა არ შეიცვლება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება სავსებით რეალურია, მათ შორის საქართველოს მთელი მოსახლეობისათვის, რადგანაც „ისინი ხალხზეც არიან ნაწყენი".

რა წერია ანგარიშში

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, მეორე ეტაპზე კი, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი და სავიზო რეგულაციის I დანართში გადაინაცვლოს (სავალდებულო ვიზების მესამე ქვეყნების სია).

ანგარიშში ასევე წერია, რომ „საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების ბაზისს ქმნის".

აღნიშნულია, რომ 2025 წლის 14 ივლისს ევროკომისიამ ფორმალური წერილი გაუგზავნა საქართველოს მთავრობას, რომელშიც აღნიშნული იყო ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების გაგრძელება და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებაზე მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, თუმცა, ევროკომისიამ საქართველოსგან მისი რეკომენდაციების შესრულებაზე რაიმე არსებითი პროგრესის შესახებ ვერ შეიტყო. უმეტეს შემთხვევებში კორექტირების შემტანი ზომები არ იქნა მიღებული, ხოლო რამდენიმე სხვაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

ევროკომისიის შეშფოთება საქართველოში მიღებულ რამდენიმე საკანონმდებლო აქტს უკავშირდება, კერძოდ: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის კანონს, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტსა და შესწორებებს, რომლებიც შეტანილ იქნა გრანტების შესახებ კანონში, მოქალაქეთა პოლიტიკური შეკრების კანონში, ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსში, მაუწყებლობის კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში.

ევროკომისიის თქმით, აღნიშნული კანონები და შესწორებები ზღუდავენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს. ხოლო საქართველოს მთავრობამ, შესწორებების ნაცვლად, ამ ზომების ღიად დაცვა დაიწყო ეროვნული სუვერენიტეტის წამოწევით და უგულებელყო ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული ვალდებულებები.

ხელისუფლების და ოპოზიციის გამოხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვიზალიბეალიზაცია ევროკავშირისთვის საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტი.

„ჩათვალეს, რომ აქვთ ინსტრუმენტები, რომელიც თავის დროზე აშშ-ის წინა ადმინისტრაციას ჰქონდა და იყენებდა. ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა ეს ინსტრუმენტები, უარი თქვა სხვა ქვეყნებში ამგვარ პოლიტიკურ ინტერვენციაზე და ევროკავშირმა, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა, რატომღაც ჩათვალა, რომ ახლა უნდა იკაცოს და თავად გახდეს მსოფლიო პოლიციელი, მაგრამ არ ჰყოფნის არც ამის კვალიფიკაცია, საბედნიეროდ და დიდ ზიანს ვერ აყენებს ქართველ ხალხს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი კი ამბობს, რომ თუ „ოცნება" კონკრეტულ ნაბიჯებზე არ წავა, „რაღაც ეტაპზე დაგება დრო და უვიზო მიმოსვლა გაუუქმდება".

„ოცნებას" თუ უნდა დარჩეს უვიზო მიმოსვლა მათაც და ქვეყანასაც, აუცილებელია გადადგას ორი მარტივი ნაბიჯი - ჩანიშნოს ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტიკური არჩევნები", - ამბობს ბუტიკაშვილი „ტვ პირველთან".

რას გადაწყვეტს საბოლოოდ ევროკავშირი

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლეთში გადაწყვეტილებებს სწრაფად არ იღებენ და თუ „ოცნებამ" არსებული პოლიტიკა გააგრძელა, საბოლოოდ შეიძლება ევრობლოკი შეზღუდვის მეორე ეტაპსაც მიადგეს და უფრო შორსაც წავიდეს.

„დემოკრატიულ სამყაროში გადაწყვეტილებების ასე სასწრაფოდ არ იღებენ. საკუთარ პროცედურის მიხედვით მიჰყვებიან არათუ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, არამედ უკრაინის საკითხზეც. რუსეთს ყველა სანქცია ერთ დღეში კი არ დაუწესეს... ხელისუფლებას, სახელმწიფოს, თუ პიროვნებას შანსს ყოველთვის უტოვებენ, რომ პრობლემის მოგვარება რაც შეიძლება უმტკივნეულოდ შეძლოს. თუ „ოცნებამ" პოლიტიკა არ შეცვალა, სანქცია იქნება ხელისუფლების წარმომადგენლებზე და შემდეგ, სამწუხაროდ, შესაძლოა მთლიან მოსახლეობაზე.

„თუ „ოცნებამ" ყოველ მეორე სიტყვაზე კვლავ ჩვენი პარტნიორები ლანძღა, ისინი უფრო მკვეთრ ზომებს მიიღებენ. შესაძლოა უფრო შორსაც წავიდნენ და ამაზედაც საფიქრალი აქვს ხელისუფლებას, რომ ეს შეიძლება შეეხოს გადარიცხვებს, ჩვენს არალეგალებს, რომლებიც დასავლეთში მუშაობენ და ერთ დღეს შესაძლოა დეპორტირდნენ. 2025 წლის მონაცემებით, ქვეყანაში დასავლეთიდან თითქმის 2 მილიარდი დოლარი შემოვიდა და ეს იქნება არა მხოლოდ დეპორტაცია, არამედ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ძალიან მკვეთრი გაუარესება.

„ამას შანტაჟთან არანაირი კავშირი არ აქვს. ვიზლაიბერალიზაციას იმ ქვეყნებს აძლევენ, რომლებიც ევროპასთან მეგობრულ ურთიერთობაში არიან, კარს ყველას ხომ არ უღებენ? ვიზალიბერალიზაცია მთელს მსოფლიოს რომ ჰქონდეს, მარტო საქართველო ამოარჩიონ და უარი უთხრან, მაშინ ეს შანტაჟი იქნება და ახლა რა შანტაჟზეა ლაპარაკი?! თან შავ დღეში ვაყენებთ, თან მოვითხოვთ ვიზლაიბერალიზაცია არ შეგვიჩეროთო - არ ვიცი რა დონეა.

 

  • "თუ ჩვენ მეგობრად ვრჩებით, ვიზალიბერალიზაცია გვრჩება, თუ ჩვენ მტრები ვართ, მაშინ გაგვიუქმებენ.

„ჯერ იყო გაფრთხილებები; შემდეგ ის, რომ ცალკეული პირებისთვის იქნებოდა, მერე ნელ-ნელა მათი ტონი უფრო მკაცრდებოდადა უკვე მივაღწიეთ იმ ზღვარს, როცა ითქვა, რომ უკვე მოსახლეობასაც შეეხება. ლოგიკურია და დასავლეთი ასე იღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შეიძლება ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის სრულ შეჩერებაზე წავიდეს.

„შეიძლება წავიდეს. ვერ წარმომიდგენია უცებ ჩვენმა ხელისუფლებამ ევროკავშირის მოთხოვნების გამო ანტიეროვნული და ქვეყნისთვის მავნე ზომების მიღება დაიწყოს, თან ძალიან არ მოსწონთ მთავრობის კრიტიკული გამოსვლები. ევროკავშირის ელიტები ნაწყენი არიან არა მთავრობაზე, არამედ ქართველ ხალხზე. როდესაც 17 მაისს მთელი ევროპა ლგბტ თავისუფლებას აღნიშნავს, ქართველები ოჯახის სიწმინიდის დღეს არა მთავრობის ორგანიზებით, არამედ მასობრივად აღნიშნავენ.

 

 

  • „ეს შანტაჟის იარაღია, მაგრამ ხალხზეც არიან ნაწყენი, რომ თუ ასეთი კონსერვატიულ-პატრიარქალური სულისკვეთებაა, მაშინ ევროპაში თქვენთვის ჯერ ადგილი არ უნდა იყოს;

 

"ისე არ ყოფილა, ჩვენ რომ გვეგონაო, თურმე ენთუზიამით იღებენ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდგ კანონსო. ხალხზე ამას ტრიბუნებიდან პირდაპირ არ ამბობენ. საბოლოო ჯამში, გამორიცხული არაა შეზღუდვა ხალხს შეეხოს. ხალხი დაინახავს რას წარმოადგენს ევრობიუროკრატია და როგორი ანტიევრიპულია", - განაცხადა მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×