
ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ. კომპაქტური განსახლების შენობებში, არასათანადო პირობებში ცხოვრობენ.
მშენებლობის ბიუჯეტი 15 374 192 ლარს შეადგენს. სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი გაეცნენ.
ბორჯომის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები კიდევ სამ ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და რუსთავში შენდება. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტრო ავრცელებს.