
“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება. ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
პრესსამსახურის თანახმად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა და დაამტკიცა „ძლიერი საქართველო-ლელო“-დან საკრებულოს წევრის გუგა დარსალიას წინადადება - მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა კვების უზრუნველსაყოფად 250 000 ლარის გამოყოფის შესახებ.
როგორც გუგა დარსალიამ განაცხადა, დაწყებითი კლასის მოსწავლეთა სკოლაში კვების პროგრამა 2021-25 წლებშიც მოქმედებდა და "კარგია, რომ ამ მოწვევის საკრებულომ მხარი დაუჭირა პროგრამის გაგრძელებას“.
„ეს კარგი მაგალითი უნდა იყოს სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებისთვის და ზოგადად, ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ სკოლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა კვება სახელმწიფოს პრეროგატივა იყოს, ისე, როგორც ეს მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია”, - აღნიშნავს დარსალია.
ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შესაბამისი პროექტი წარედგინა 45 მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მხოლოდ წალენჯიხაში დამტკიცდა.