რეზონანსი
19.12.2025

საქართველოსთვის საუკეთესო პოზიციაა, დარჩეს ნეიტრალური, ივაჭროს ყველასთან, აყვავდეს, როგორც ჰაბი და შეინარჩუნოს მთავრობა, რომელიც ამ ფილოსოფიას მიჰყვება, - განაცხადა აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა (2001-2005 წლებში) ლოურენს უილკერსონმა გადაცემაში „42-ე პარალელი“.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა გამოიყენოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა, რომ ნახოს მოგება და აკეთოს ბიზნესი ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან.

„ნუ აირჩევთ მხარეს, რუსეთს, ნატო-ს (რომელიც თავისი ძველი დიდების აჩრდილიც აღარაა) და ნურც ამერიკას. გქონდეთ ურთიერთობა ყველასთან და ფოკუსირდით გადარჩენაზე. არავის „დაუკრათ თავი“ და, რა თქმა უნდა, ნუ მოახდენთ რუსეთის პროვოცირებას. მათ 2008 წელს აჩვენეს, რისი გაკეთება შეუძლიათ, როცა განრისხებულები არიან და ეს კიდევ ერთხელ დამაჯერებლად დაამტკიცეს უკრაინაში. აქ სხვა პრობლემაცაა: როგორც კლაუზევიცი აღნიშნავდა, ომს თავისი დინამიკა აქვს, როგორც კი ის დაიწყება. ევროპამ შესაძლოა, შექმნას „თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება“, სადაც რუსეთი იმაზე შორს წავა, ვიდრე აპირებდა. პუტინმა ნათლად თქვა, რომ მას არ სურს შემდგომი გაფართოება; მას არ სურს უკრაინის „ნარჩენების“ მართვა ან იქაურ რადიკალურ ელემენტებთან გამკლავება. თუმცა, თუ დასავლეთი „საკმარისად სულელი“ აღმოჩნდება, ჩვენ შეიძლება სწორედ ეს შედეგი ვაიძულოთ. შეხედეთ ფრიდრიხ მერცს გერმანიაში. ვფიქრობ, ის ჩავარდება, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, თუ წარმატებას მიაღწევს. მერცი, BlackRock-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, კოლაფსირებული გერმანული ეკონომიკის წინაშე დგას. მისი გამოსავალია მშპ-ს 5%-ის დახარჯვა თავდაცვასა და გადაიარაღებაზე. სულ რაღაც ორიოდე დღის წინ Rheinmetall-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათი მიზანია, გადაუსწრონ Lockheed Martin-სა და Northrop Grumman-ს და გახდნენ უდიდესი „სიკვდილით მოვაჭრეები“ მსოფლიოში. სტატიაში გამოქვეყნებული იყო ჰაუბიცებისა და ტანკების სურათები. ეს ჩვენ უკვე ვნახეთ ერთხელ ევროპის შუაგულში. ვერ ვიტყოდი, რომ ეს მოვლენები კარგის ნიშანია, მით უმეტეს გერმანიის დღევანდელ პოლიტიკურ ფონზე, სადაც AfD-ს რეალური შანსი აქვს, არჩევნებზე მოსახლეობის 51%-იანი მხარდაჭერა მიიღოს და პირველი პარტია გახდეს. ეს უკიდურესად სახიფათო სიტუაციაა. საქართველოსთვის საუკეთესო პოზიციაა, დარჩეს ნეიტრალური, ივაჭროს ყველასთან, აყვავდეს, როგორც სამეწარმეო ჰაბი კავკასიაში და შეინარჩუნოს მთავრობა, რომელიც ამ ფილოსოფიას მიჰყვება“, – განაცხადა ლოურენს უილკერსონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×