
28 წლის რუსეთის მოქალაქე ერთ-ერთ ოთახს სასათბურედ იყენებდა, თესავდა და მოჰყავდა კანაფი. ნაქირავებ სახლში ჰქონდა ყველა ის მოწყობილობა, რომელიც კულტივირებისთვის იყო საჭირო. ნარკოდანაშაულის კვალზე, სამართალდამცავები ოპერატიული ინფორმაციით გავიდნენ.
ნაქირავებ ბინაში რაუშან აბდუალევი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა, საღამოს საათებში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მასთან ჩხრეკაზე შევიდნენ. სახლიდან 19 ძირი გამომშრალი კანაფი, გამომშრალი მარიხუანა, "ემ დე ემ აი" და კლეფედრონი ამოიღეს. აბდუალევი ადგილზევე დააკავეს.
28 წლის მამაკაცის დაკავების შესახებ მეზობლებმა მაშინ გაიგეს, როდესაც ხიმშიაშვილის ქუცაზე პოლიცია მობილიზდა. დაინახეს სადარბაზოდან ხელბორკილებით გაყვანილი აბდუალევი. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაკავებულს კარგად არ იცნობენ, თუმცა იხსენებ იმ შემთხვევებს, როდესაც მასთან უცხო პირები ხშირად მიდიოდნენ.
რაუშან აბდულაევი ნარკოტიკის შეძენა შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფის უკანონოდ დათესვა/მოყვანის ფაქტზეა დაკავებული. აღიარებს თუ არა დანაშაულს ამ ეტაპზე უცნობია. "კურიერს" ადვოკატმა უთხრა, რომ რუსეთის მოქალაქეს ბრალთან დაკავშირებით პოზიციის გასაჯაროება არ სურს.
28 წლის რუსეთის მოქალაქის საქმეზე დღის ბოლოს გენერალურმა პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა. განცხადებაში იმ მტკიცებულებებზეა ყურადღება გამახვილებული, რომლებიც პოლიციამ ნარკოდანაშაულის ადგილიდან ამოიღო.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი დევს თურქეთის მოქალაქის საქმეშიც. მეჰმედ ელქათმიში - 31 წლის მამაკაცი ბათუმის აეროპორტის გზატკეცილზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც სამართალდამცველებმა გადამოწმებისთვის შეაჩერეს, გაჩხრიკეს და ჯიბეებიდან პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული კოკაინი ამოუღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ფაქტი იმ დროს აღკვეთეს, როდესაც მეჰმედ ელქათმიში კოკაინის სამალავებში დატოვებას აპირებდა.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული რუსეთის და თურქეთის მოქალაქეები ახლა ორთვიან წინასწარ პატიმრობაში არიან. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო სასჯელს ითვალისწინებს.