რეზონანსი
19.12.2025

სამწუხაროა, რომ ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან იმ დახმარებისთვის, რაც უკრაინისთვის გვაქვს გაწეული. ერთადერთი არ შევეხიდეთ ჩვენი მოქალაქეებით და არ აღმოვჩნდით იმ ომში, რომელიც ჩვენი საომარი არ იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უკრაინის მხარდამჭერ ათასობით რეზოლუციას შეუერთდა და ერთადერთი რაზეც უარი თქვა, თავისი მოქალაქეების სიცოცხლის გაღება იყო. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ეს არ აპატია ევრობიუროკრატიამ საქართველოს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან იმ დახმარებისთვის, რაც უკრაინისთვის გვაქვს გაწეული. პირიქით, მუდმივად ცრუ ბრალდებები, მცდელობები იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში აჟიოტაჟი შემოეტანათ, რაღაცნაირად ომში ჩავერთეთ. ეს ქვეყანა ომშია და ჩვენ ვაჟკაცურად ვიქცევით, პრაგმატულ პოლიტიკას ვატარებთ. კითხვები, რაც დასასმელი იქნება ამ აქტორებთან და რაზეც პასუხები უნდა მოვთხოვოთ, მაგისი დროც დადგება. რაც შეეხება მხარდაჭერას, ათასობით რეზოლუციაა საერთაშორისო არენაზე, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა და ათობით ქვეყანა იკავებდა ამისგან თავს, ვინაიდან არ სურდათ რუსეთის გაღიზიანება. ჩვენ ყველაფერში გვაქვს მხარი დაჭერილი. 30 ათასამდე უკრაინელი გვყავს შეფარებული, სოციალური დახმარებები დანიშნული, ბავშვებისთვის სასწავლებლები გახსნილი. ჰუმანიტარული დახმარებით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ვიკავებთ მსოფლიოში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ევრობიუროკრატების მხრიდან, ზუსტად იმ დღიდან, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, მუდმივად გვესმის, თითქოს რუსეთის მხარეს ვიჭერთ და ასე შემდეგ, რაც აბსურდია. ჩამოვთვალე, რამდენ რამეში დავუდექით გვერდით, ერთადერთი არ შევეხიდეთ ჩვენი მოქალაქეებით და ჩვენ არ აღმოვჩნდით იმ ომში, რომელიც ჩვენი საომარი არ იყო. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ეს იყო სწორი გადაწყვეტილება “, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება ოთხი წლის განმავლობაში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უკრაინა იქნა გამოყენებული „პროქსი ომში“ და რეალურად ეს არის ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×